მოულოდნელი გოლეადორი და შეუცვლელი მოთამაშე | AS-ის სტატია ტაბატაძეზე
ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა AS-მა „კადისის“ ქართველი შემტევის, იური ტაბატაძის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა სათაურით: „მოულოდნელი გოლეადორი“.
AS: „იური ტაბატაძე „კადისისთვის“ შეუცვლელი მოთამაშეა. იგი მებრძოლი და სწრაფია, აქვს დრიბლინგისა და მეტოქის დაცვის გარღვევის უნარი, ასევე — შესანიშნავი დარტყმა. მართალია, ქართველი მოედანზე იმაზე ნაკლებ დროს ატარებს, ვიდრე ისურვებდა, თუმცა, მიუხედავად მეორეხარისხოვანი როლისა, „ყვითლების“ მე-12 ნომერი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. „სპორტინგთან“ გატანილი გოლის შემდეგ მის ანგარიშზე უკვე ექვსი ბურთია. ტაბატაძემ ზედიზედ ორ ტურში გაიტანა და ორივეჯერ — სათადარიგო სკამიდან ჩართვის შემდეგ. მეტიც, ლა ლიგა 2-ში გატანილი ექვსი გოლიდან ხუთი სწორედ მაშინ მიითვალა, როდესაც თამაშში შეცვლაზე ჩაერთო“.
26 წლის ტაბატაძემ ლა ლიგა 2-ის ბოლო ორ ტურში გაიტანა, ჯერ „დეპორს“ შეუგდო, შემდეგ — „ხიხონს“. მატჩის შემდეგ „კადისის“ მთავარმა მწვრთნელმა გაიზკა გარიტანომ ტაბატაძის როლზე ისაუბრა: „ამ როლს არავინ ეგუება. ახლა ჩვენი ნებისმიერი გარემარბი, რომელიც ძირითად შემადგენლობაშია, დაახლოებით 60 წუთს თამაშობს, შემდეგ კი 30 წუთი სხვას ეთმობა. თუ გარემარბები ჩვენს ორ თავდამსხმელთან ერთად არ იმუშავებენ, ფიზიკური დატვირთვა ძალიან იზრდება. ხუთი ცვლილების პირობებში ამას კარგად ვართმევთ თავს. შეცვლაზე შესულ მოთამაშეებს თამაშზე დიდი გავლენა აქვთ, რადგან 90 წუთის განმავლობაში ასეთი ტემპის შენარჩუნება რთულია“.
ტაბატაძე 6 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. 6-დან 5 გოლი ქულის ან ქულების მომტანი აღმოჩნდა. ჯამში, მისი გოლებით „კადისმა“ 11 ქულა მოიპოვა. 21 ტურის შემდეგ გუნდი 34 ქულით მე-6 ადგილზეა და ლიდერებს — „რასინგსა“ და „ლას პალმასს“ მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. გამოდის, რომ მოპოვებული ქულების დაახლოებით მესამედი სწორედ ტაბატაძის დამსახურებაა.
ტაბატაძის გოლები ლა ლიგა 2-ში: სადებიუტო მატჩი „ალბასეტესთან“ ჩაატარა, სადაც შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა. შემდეგ ტურში, როცა „კადისი“ „სოსიედადის“ B გუნდთან 1:3 მარცხდებოდა, იური კვლავ სკამიდან ჩაერთო, დუბლი შეასრულა და გუნდს ქულა მოუპოვა. ოთხმატჩიანი უგოლო სერიის შემდეგ, მისი გოლით სტუმრად „უესკა“ დაამარცხეს. ამას მოჰყვა 8-მატჩიანი პაუზა, რომელიც ბოლო ორ ტურში გატანილი გოლებით დასრულდა: „დეპორტივოსთან“ გუნდი მარცხისგან იხსნა, „ხიხონთან“ კი გამარჯვების გოლი შეაგდო.