ფროზინონემ კატანძაროს მოუგო - კვერნაძე ძირითადში იყო
სერია ბ-ს მე-19 ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ „კატანძაროს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა - 2:0.
ქართველმა შემტევმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში, შეტევის მარცხენა ფლანგზე დაიწყო და 73 წუთი ითამაშა. მე-6 წუთზე კვერნაძე სახიფათოდ ურტყამდა, თუმცა მის დარტყმას სიზუსტე დააკლდა. მე-10 წუთზე ქართველ შემტევს სამედიცინო შტაბის დახმარებაც დასჭირდა, თუმცა დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა და მან მატჩის გაგრძელება შეძლო.
Sofascore-მა კვერნაძის თამაში 6.0 ქულით შეაფასა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 1 დარტყმა კარში, 32 შეხება ბურთთან, 6 წარუმატებელი დრიბლინგი, 14-დან 13 ზუსტი პასი (93%), 2 არაზუსტი ჩაწოდება, 2-დან 1 ზუსტი გრძელი პასი და 12-დან 1 მოგებული ორთაბრძოლა. გიორგიმ 13-ჯერ დაკარგა ბურთი, ორჯერ დაჯარიმდა და მეტოქესაც ორჯერ დაარღვევინა წესები.
რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, 58-ე წუთზე სტუმრები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, „ფროზინონემ“ კი ანგარიში 81-ე წუთზე გახსნა - თავი ილარიო მონტერიზიმ გამოიჩინა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ფარეს გეჯემისმა მეორე გოლი გაიტანა.
ამგვარად, „ფროზინონეს“ წაუგებელი სერია უკვე 11 მატჩამდე გაგრძელდა. კვერნაძის გუნდი 41 ქულით სერია ბ-ს სატურნირო ცხრილს ლიდერობს და მომდევნო მატჩს 17 იანვარს, სტუმრად, უშუალო კონკურენტის, „მონცას“ წინააღმდეგ გამართავს.