გიორგი გულიაშვილი, სარაევო, რასინგი
Aa
Aa

“სიტყვების პოვნა ძნელია“ - გულიაშვილი სარაევოს დაემშვიდობა

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი გულიაშვილი კარიერას სანტანდერის რასინგში გააგრძელებს. ქართველი ფეხბურთელი სარაევოს დაემშვიდობა. მის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

გულიაშვილი:

„ძნელია საჭირო სიტყვების პოვნა იმ ყველაფრის შემდეგ, რაც აქ გავიარე. ამ კლუბმა და ქალაქმა დიდი ნდობა გამომიცხადა. ავიღე პასუხისმგებლობა და კაპიტნის სამკლავურის პატივი მერგო. ერთად ბევრი რამ გავიარეთ, თითოეული თამაში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევდა.

ვამაყობ იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ. მადლობას ვუხდი თანაგუნდელებს, სამწვრთნელო შტაბს და გულშემატკივრებს. თქვენ მუდამ ჩემს გვერდით იყავით. ეს გუნდი ჩემი ნაწილია. სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის ჩემს გულში დარჩება.“

ცნობისთვის, გულიაშვილმა „რასინგთან“ კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა. 2019-23 წლებში ქართველი ფორვარდი „საბურთალოს“ ღირსებას იცავდა, 2023 წლიდან კი ბოსნიურ „სარაევოში“ თამაშობდა (ერთი სეზონი იჯარით „ველეჟ მოსტარში“ გაატარა). საქართველოს ნაკრებში გულიაშვილმა 6 მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება „რასინგს“, „ვერდიბლანკოსი“ 20 ტურის შემდეგ ლა ლიგა 2-ს 38 ქულით ლიდერობენ. მომდევნო მატჩს ხოსე ალბერტოს გუნდი ხვალ „სარაგოსას“ წინააღმდეგ ჩაატარებს, 15 იანვარს კი სამეფო თასზე „ბარსელონას“ მიიღებს. სწორედ „ბლაუგრანასთან“ შეიძლება შედგეს გულიაშვილის დებიუტი.

მსგავსი სიახლეები