სარეკორდო გარიგება სარაევოს ისტორიაში | გულიაშვილის ტრანსფერის დეტალები
რუდი გალეტის ინფორმაციით, „სარაევომ’’ გიორგი გულიაშვილი სანტანდერის „რასინგში’’ 2,5 მილიონ ევროდ გაყიდა, რაც ბოსნიური კლუბის ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერია.
2025 წლის თებერვალში „სარაევომ’’ 18 წლის მცველი ნედალ ჩელიკი ლიგა 1-ის „ლანსში’’ 2,5 მილიონ ევროდ გაასხვისა. ასე რომ, ჩელიკმა და გულიაშვილმა „სარაევოს’’ ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავეს, თითოულის ტრანსფერი კლუბის ისტორიაში სარეკორდოა, საერთო ჯამში მათ ნაცვლად ბოსნიური კლუბი 5 მილიონს მიიღებს.
გარიგების კიდევ ერთი საინტერესო პუნქტი: გალეტის ცნობით, „სარაევო’’ გულიაშვილის შემდეგი ტრანსფერიდან 15 პროცენტს მიიღებს.
2023 წლის ზამთარში „სარაევომ'' გულიაშვილი „იბერიადან'' გადაიბირა, 2023-24 წლების სეზონში „ველეჟში'' გაანათხოვრა, 2024 წლის ზაფხულში დაიბრუნა, გასული სეზონი გულიაშვილის კარიერაში საუკეთესო იყო, 37 მატჩში 21 გოლი გაიტანა, 6 საგოლე პასი შეასრულა. მიმდინარე სეზონში გოლების გატანას მკვეთრად მოუკლო, თუმცა „სარაევოს’’ შეტევების შექმნაში აქტიურად მონაწილეობდა (20 მატჩში 2 გოლი და 8 საგოლე გადაცემა).
24 წლის შემტევს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ამჟამად, ეროვნული ნაკრების წევრია.