ფსიქოლოგიური პრობლემები დაძლია - არაუხომ ვარჯიში განაახლა
გასული წლის ნოემბერში, ლონდონის ჩელსისთან მიღებული წითელი ბარათის გამო, რონალდ არაუხოს ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო, რის გამოც ბარსელონას გარკვეული პერიოდით ჩამოშორდა.
26 წლის ფეხბურთელი კონცენტრაციას და ფორმის აღდგენას ცდილობდა. ესპანური მედიის ინფორმაციით, ურუგვაელი უკანახაზელი ბლაუგრანას დაუბრუნდა და ვარჯიში განაახლა.
საინტერესოა თუ სად გაატარა არაუხომ ეს პერიოდი. რონალდი ისრაელში წმინდა ადგილებს ესტუმრა და საკუთარი თავის ახლიდან აღმოჩენას ეცადა. მას მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, თუმცა, როგორც ჩანს ყველაფერი დაძლია.
მიუხედავად ამისა, ჰანსი ფლიკმა განაცხადა, რომ არაუხო ჯერჯერობით სათამაშოდ მზად არ არის.
„ყველაფერი თავად რონალდზეა დამოკიდებული. ის ფიზიკურად 100%-ით მზად არ არის, მაგრამ თავს ყველაფერს კარგად ართმევს. ის სწორ გზაზე დგას.“ - განაცხადა გერმანელმა მწვრთნელმა
შეგახსენებთ, რომ ბარსელონა ლა ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს და უშუალო კონკურენტს მადრიდის რეალს 4 ქულით უსწრებს. ბარსა მორიგ ტურში ესპანიოლს დაუპირისპირდება.