ვან დაიკი: სოციალური ქსელები საშიში ადგილია, 10-20 წლის წინ ფეხბურთელობა უფრო ადვილი იყო
„ლივერპულის“ კაპიტანმა, ვირჯილ ვან დაიკმა, სოციალურ ქსელებში ქომაგების და ასევე ყოფილი ფეხბურთელების მხრიდან წამოსული კრიტიკის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა.
„ირგვლივ ზედმეტი ხმაურია. მომავალი თაობისთვის ეს ძალიან რთული იქნება. ხანდახან ეს ყველაფერი უბრალოდ სასაცილო ხდება. აზრის გამოსახატავი პლატფორმები სულ უფრო მეტია. მე და მუჰამედ სალაჰი ახალგაზრდა მოთამაშეებს მუდმივად ვეუბნებით – შორს დაიჭირეთ თავი სოციალური ქსელებისგან.
ხშირად მოისმენთ: „თქვენ უბრალოდ უნდა შეეგუოთ ამას“. არა, ეს ასე არ მუშაობს. მოდით, უბრალოდ ფეხბურთი ვითამაშოთ. ასე აკეთებდნენ 10, 20 წლის წინ და ყველამ ლეგენდის სტატუსი მიიღო. ამ პლატფორმებზე ყველაფერი „კლიკებისა“ და იმის გარშემო ტრიალებს, თუ ვის უნდა აზრი პირველმა გამოთქვას.
მაგალითად, ვესაუბრე ამარა ნალოს (კრისტალ პალასთან მატჩში მისი გაძევების შემდეგ) და ვუთხარი: „არ შეხვიდე სოციალურ ქსელებში, იყავი ოჯახთან ერთად“. დიდი საუბარი გვქონდა. მას ასევე ვესაუბრე მაშინაც, როცა PSV-სთან მატჩში გააძევეს (გასული წლის იანვარში). მერე სოციალურ ქსელებში რომ შესულიყო, კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა. ეს ძალიან საშიში ადგილია.
არ ვამბობ, რომ სოციალური ქსელები მხოლოდ ბოროტებაა, მათი გამოყენება ბევრი პოზიტიური რამისთვის შეიძლება. მაგრამ ამ პროფესიაში, როცა 20 წლის ხარ, მარტო ცხოვრობ და შესაძლოა წარუმატებელი თამაში გქონდა... ვარჯიშის შემდეგ სახლში ხუთ საათზე ბრუნდები. რას გააკეთებ საღამოს დარჩენილ დროს? სავარაუდოდ, ტელეფონში „სქროლვას“ დაიწყებ. და მერე რა?
აი, რატომ მიმაჩნია - განსაკუთრებით ტელევიზიით გამოსვლისას ყოფილი ტოპ-მოთამაშეების მიმართ - რომ მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, არ გადაკვეთონ ზღვარი. მესმის, რომ კრიტიკა ფეხბურთის ნაწილია. ჩვენი თამაშის კრიტიკა მოედანზე, თუ ის დასაბუთებულია, აბსოლუტურად სამართლიანია და როგორც პროფესიონალმა ფეხბურთელებმა, ეს უნდა მივიღოთ.
არ ვამბობ, რომ არასდროს უნდა გააკრიტიკო, მაგრამ მეორე მხრივ, უნდა გვახსოვდეს, როგორ ვზრუნავთ მოთამაშეთა შემდეგ თაობაზე. ჩვენს დროში ნებისმიერი ნათქვამი სიტყვა, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო, შეიძლება სწრაფად გავრცელდეს და გაიზარდოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამას ფეხბურთის ლეგენდა ამბობს. მაშინ ხალხი ამას მაშინვე აიტაცებს და დიდ პრობლემად აქცევს“,
– განაცხადა ვირჯილ ვან დაიკმა.