ნარკოტესტი ჩააგდო - ფენერბაჰჩეს პრეზიდენტი დააკავეს
„ფენერბაჰჩეს“ პრეზიდენტი სადეთინ სარანი ნარკოტესტზე დადებითი პასუხის მისვლის გამო დააკავეს. მოგვიანებით ის სასამართლო კონტროლის ქვეშ დროებით გაათავისუფლეს, სანამ ძიება ბოლომდე არ დასრულდება.
ეს საქმე ფართომასშტაბიანი გამოძიების ნაწილია, რომელმაც ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში დიდი ხმაური გამოიწვია. გამოძიების ფარგლებში, ნარკოტიკული საშუალებების წარმოებისა და უკანონო ბრუნვის ბრალდებით, დაკავებულნი არიან ტელეწამყვანები, ჟურნალისტები, მომღერლები, მსახიობები და სოციალური მედიის ინფლუენსერები.
გამოძიების ფარგლებში სარანი პირველად 20 დეკემბერს დაკითხეს, რის შემდეგაც მას ტოქსიკოლოგიური ტესტირება ჩაუტარდა. იგი 24 დეკემბერს დააპატიმრეს, მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათში სასამართლო ექსპერტიზამ მის თმის ნიმუშებში ნარკოტიკული ნივთიერების კვალი აღმოაჩინა.
ოფიციალური დასკვნის მიხედვით, მის თმაში კოკაინი აღმოჩნდა, თუმცა სისხლის, შარდისა და ფრჩხილის ტესტებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. გავრცელებული ინფორმაციით, 25 დეკემბერს მისი დაკითხვა სამართალდამცავებთან დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.
სარანი სასამართლო კონტროლის ქვეშ გაათავისუფლეს და მას კვირაში ორჯერ შესაბამის უწყებებში გამოცხადება დაევალა. სტამბოლში, ჩაღლაიანის სასამართლოსთან, უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების ფონზე, სარანისადმი სოლიდარობის გამოსახატად „ფენერბაჰჩეს“ რამდენიმე გულშემატკივარი შეიკრიბა.
„ფენერბაჰჩემ“ კი გაავრცელა განცხადება, რომელშიც სრული მხარდაჭერა გამოუცხადა სარანს და დაარწმუნა გულშემატკივრები, რომ კლუბის საქმიანობა შეუფერხებლად გაგრძელდება.