Transfermarkt-მა მონაცემები განაახლა | საზონოვისა და გოგლიჩიძის ფასები დაეცა
Transfermarkt-მა იტალიის ჩემპიონატებში მოთამაშე ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებები განაახლა. რეგრესი აქვს „უდინეზეს“ ქართველ მცველს, საბა გოგლიჩიძეს. ახალგაზრდა უკანახაზელი აქამდე 6 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, ახლა კი მისი საბაზრო ღირებულება 4.5 მილიონ ევრომდე შემცირდა. საბა „უდინეზეში“ მე-13 ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია.
გოგლიჩიძის მსგავსად, საბა საზონოვის ფასმაც დაიკლო. საზონოვს „ტორინოში“ სათამაშო დრო არ ეძლევა და Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 1.3 მილიონ ევრომდე შემცირდა. „გრანატაში“ გადასვლის დროს ქართველი მცველი 3 მილიონ ევროდ იყო შეფასებული.
გაზრდილია „კრემონეზეს“ პერსპექტიული ფეხბურთელის, დაჩი ლორთქიფანიძის სატრანსფერო ღირებულება. ივლისის მონაცემებით, მისი ფასი 100 000 ევრო იყო, ახლა კი 20 წლის ნახევარმცველის ღირებულება 500 000 ევრომდე ავიდა.
აღსანიშნავია, რომ უცვლელი დარჩა გიორგი კვერნაძის ფასი. „ფროზინონეს“ ქართველი ფეხბურთელი კვლავ 1.5 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
რაც შეეხება სერია A-ს, ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ლაუტარო მარტინესია — 85 მილიონი ევრო. მეორე ადგილზე ალესანდრო ბასტონი იმყოფება (80 მილიონი), ხოლო მესამე პოზიციას კენან ილდიზი იკავებს (75 მილიონი).