საკაცე არ სჭირდებოდა, მაგრამ მაინც გაიყვანეს | უცნაური ამბავი აფრიკის თასზე
მაროკოში 2025 წლის აფრიკის თასი დაიწყო და პირველ ტურში კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ბენინი 1:0 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა, რომელმაც საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიქცია.
ერთ-ერთ ეპიზოდში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრების ფეხბურთელი, სამუელ მუტუსამი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. საკაცეს, როგორც წესი, სერიოზული ტრავმის შემთხვევაში იყენებენ, როდესაც მოთამაშე მოედანს დამოუკიდებლად ვერ ტოვებს, თუმცა მუტუსამი აუტის ხაზის გადაკვეთისთანავე ფეხზე წამოდგა და სირბილი დაიწყო.
მატჩის შემდეგ ის ჟურნალისტებს შეხვდა და ახსნა, სამედიცინო პერსონალმა საკაცე რატომ გამოიყენა: „მსაჯს ვუთხარი, რომ კუნთის სპაზმები მქონდა. წყლის დალევასა და მოედანზე დაბრუნებას ვაპირებდი. საკაცე არ მჭირდებოდა, მაგრამ რეფერიმ მითხრა, რომ თუ საკაცით არ გამიყვანდნენ, ყვითელ ბარათს მომცემდა. ერთი გაფრთხილება უკვე მქონდა და ბევრი არ მიფიქრია — საკაცით გავედი.“
მუტუსამიმ გაფრთხილება მეოცე წუთზე მიიღო, მის გუნდს კი სამი ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრა 27 დეკემბერს, სენეგალის წინააღმდეგ ელის.