ვინ შეცვლის ნეიმარს და რა ტაქტიკით ითამაშებს ბრაზილია?! -
Aa
Aa

ვინ შეცვლის ნეიმარს და რა ტაქტიკით ითამაშებს ბრაზილია?! - "სელესაოს" სამზადისი

ორშაბათს ტიტემ რუსეთთან და გერმანიასთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის ბრაზილიის  ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.

„სელესაო“ მოსკოვში რუსეთს 23-ში, ხოლო ბერლინში გერმანიას 27 მარტს დაუპირისპირდება.

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა

ტიტემ გუნდში 25 ფეხბურთელი გამოიძახა, აქედან 17 „სელესაოს“ ძირითად ბირთვს წარმოადგენს. წინა შემადგენლობიდან ბრაზილიელმა სპეციალისტმა ნაკრებს მიღმა 6 მოთამაშე დატოვა (კასიო, ჟემერსონი, ალექს სანდრო, დანილო ჟულიანო, დიეგო, ნეიმარი) და ისინი 8 ახალი ფეხბურთელით ჩაანაცვლა (ნეტო, ფაგნერი, ფილიპე ლუისი, პედრო ჟერომელი, როდრიგო კაიო, ფრედი, ანდერსონ ტალისკა და ვილიან ჟოზე). ნეიმარი გამოძახებული მოთამაშეებიდან ერთადერთია, რომელიც გუნდს ტრამვის გამო ვერ შეუერთდა.

ბრაზილიის ნაკრების სრული შემადგენლობა

მეკარეები: ალისონი, ედერსონი, ნეტო.

განაპირა მცველები: დანი ალვეში, ფილიპე ლუისი, მარსელო, ფაგნერი.

ცენტრალური მცველები: პედრო ჟერომელი, მარკინიოსი, მირანდა, როდრიგო კაიო, ტიაგო სილვა.

ნახევარმცველები: კაზემირო, ფერნანდინიო, ფრედი, პაულინიო, კოუტინიო, რენატო აუგუსტო, ანდერსონ ტალისკა, ვილიანი.

თავდამსხმელები: დუგლას კოშტა, რობერტო ფირმინო, გაბრიელ ჟეზუში, ტაისონი, ვილიან ჯოზე.

დებიუტანტები

ნაკრებში სამი ახალწვეულია: ნეტო, ანდერსონ ტალისკა და ვილიან ჯოზე,

„ბეშიქთაშის“ ლიდერმა ბრაზილიის დელეგაცია ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე მოხიბლა. ვილიან ჯოზეს „ლა ლიგაში“ 12 გოლი აქვს გატანილი, ევროპალიგის ბოლო 5 შეხვედრაში კი თავი 5-ჯერ გამოიჩინა. რაც შეეხება ნეტოს, იგი „ვალენსიაში“ საკმაოდ სტაბილურ სეზონს ატარებს და კლუბის წარმატების ერთ-ერთი სულისჩამდგმელია.

რატომ არ არის ნეიმარი?

პსჟ-ს ფორვარდმა „მარსელთან“ მატჩში ფეხის ტრამვა მიიღო და ოპერაციის გაკეთება მოუწია. ბრაზილიელი სპეციალისტების ცნობით ნეიმარის სარეაბილიტაციო პერიოდი დიდხანს არ გასტანს და 26 წლის ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას მოახერხებს.

ტიტეს საყვარელი ფეხბურთელები

15 მოთამაშიდან, რომლებმაც ყველაზე მეტჯერ მოირგეს ბრაზილიის ფორმა ტიტეს ნაკრებში მხოლოდ ნეიმარი ვერ ითამაშებს. დარჩენილი 14 ფეხბურთელის სია კი ასე გამოიყურება: რენატო აუგუსტო, ფილიპე კოუტინიო, ვილიანი, პაულინიო, ალისონი, მარკინიოსი, გაბრიელ ჟეზუსი, დანი ალვეში, მირანდა, ფერნანდინიო, კაზემირო, მარსელო, ტიაგო სილვა და რობერტო ფირმინო.

მუნდიალისთვის ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობის ნაწილი ცნობილია

წინა თვეში ტიტემ განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მას 15 ფეხბურთელი უკვე შერჩეული ჰყავს. აღნიშნული 15-დან ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა 14 მსოფლიო ტურნესთვის გამოიძახა. ერთადერთი ნეიმარია, რომელიც სიაში ტრამვის გამო ვერ მოხვდა.

2016 წელს გუნდში მოსვლის შემდეგ ტიტე სტაბილურობასა და გუნდურობაზეა ორიენტირებული. უკანასკნელ 20 თვეში ბრაზილიელმა სპეციალისტმა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 1 ცვლილება განახორციელა. „სელესაოს“ თავკაცმა 4-5-1 სათამაშო სქემაში მარჯვენა ფლანგზე ვილიანი კოუტინიოთი ჩაანაცვლა.

ბრაზილიის ნაკრების განლაგება და შემადგენლობა ნეიმარის გარეშე

გერმანიასთან სამარცხვინო მარცხის შემდეგ ტიტე აქტიურად ცდილობს გუნდის ნეიმარზე დამოკიდებულება შეამციროს. საკუთარი ვარსკლავის გარეშე ბრაზილიის ნაკრებმა 4 შეხვედრა გამართა, საიდანაც 3 მოიგო და მხოლოდ ერთში დამარცხდა.

ნეიმარის გარეშე ბრაზილია 4-1-4-1 სქემით ითამაშებს, მარცხენა ფლანგზე ფილიპე კოუტინიო იქნება გამწესებული, ხოლო ვილიანი თავის საყვარელ - მარჯვენა ფლანგს დაუბრუნდება. ჩელსის ვარსკლავი სწორედ ის ფეხბურთელია, რომელმაც სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში სათადარიგო სკამიდან გუნდის შეტევითი პოტენციალის გაძლიერების მთავარი ვარიანტია.

ტიტემ რუსეთთან მატჩში შესაძლოა რამდენიმე ექსპერიმენტი განახორციელოს. ბრაზილიელთა თავკაცისთვის ერთ-ერთი ვარიანტი კოუტინიოს ცენტრალურ ნახევარდაცვაში გადაყვანაა. თუმცა ტიტემ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მსოფლიოს ტოპ ნაკრებების წინააღმდეგ კოუტინიო მოედნის ამ ნაწილში ნაკლებად ეფექტური იქნება. და მეორე, რობერტო ფირმინოს სასტარტო შემადგენლობაში გამწესება. თუმცა ლივერპულელის ძირთადში დაყენება ნეიმარსა და კოუტინიოს სათამაშო სივრცეების შეზღუდვას გამოიწვევს, რაც ბრაზილიის ნაკრებისთვის შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს.

რაც შეეხება გერმანიასთან მატჩს, ბერლინში ბრაზილიელები ოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზებენ.

ტიტეს კომენტარები

ტიტე ტალისკაზე:"ტალისკას შორეული დარტყმების განხორციელება შეუძლია, იგი საჰაერო ორთაბრძოლებისას კარგად გამოიყურება და 4 ან 5 მცველიანი დაცვის ხაზის წინააღმდეგ მისი ფიზიკური მონაცემები დიდ უპირატესობას ქმნის".

ტიტე ვილიან ჟოზეზე:"მას ორი მშვენიერი სეზონი ჰქონდა „სოსიედადში“ და სერიოზული პროგრესი განიცადა საფეხბურთო თვალსაზრისით".

ტიტე ნეიმარზე:"ფეხბურთი გუნდური სპორტია და წარმატებისთვის აუცილებელია მხოლოდ ერთ მოთამაშეზე არ ვიყოთ დამოკიდებულები. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ნეიმარს გუნდის სასტარტო შემადგენლობაში განვიხილავთ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები