„გვიყვარხარ, არ წახვიდე“ -ალონსოს მხარდაჭერა გამოუცხადეს
ჩაბი ალონსოს ხელმძღვანელობით „რეალმა“ ესპანეთის წლევანდელ ჩემპიონატში ყველაზე პრინციპული დაპირისპირება მოიგო და „ბარსელონა“ დაამარცხა, თუმცა ბასკი სპეციალისტის მომზადებულმა „სამეფო კლუბმა“ „ელ კლასიკოს“ შემდეგ ჩატარებული 9 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 3 წააგო, რის გამოც ალონსოს განთავისუფლება დღის წესრიგში სრული სერიოზულობით დგას.
ცუდი შედეგებიდან გამომდინარე, ასეთ შემთხვევებში გულშემატკივრები კლუბის ხელმძღვანელობისგან მთავარი მწვრთნელის შეცვლას აქტიურად ითხოვენ, თუმცა ამჯერად განსხვავებულად არის საქმე და ალავესში სათამაშოდ გამგზავრების წინ, „ბლანკოსის“ საწვრთნელ ბაზა „ვალდებებასზე“ ჩაბის ქომაგებმა ტრანსპარანტები დაახვედრეს: „გვიყვარხარ, არსად წახვიდე, ერთად ძლიერები დავბრუნდებით“.
მიუხედავად ყველაფრისა, წამყვანი მადრიდული გამოცემები ერთხმად აცხადებენ, რომ ფლორენტინო პერესმა ჩაბი ალონსოს სიტუაციის გამოსასწორებლად 3-მატჩიანი ვადა მისცა და თუ „ალავესთან“, „სევილიასთან“ და „ბეტისთან“ მადრიდელები წარმატებას ვერ მიაღწევენ, ბასკ მწვრთნელს კარისკენ მიუთითებენ.