რეალმა ალონსოს სიტუაციის გამოსასწორებლად, კიდევ 3 მატჩი მისცა | AS
მადრიდის „რეალმა" მთავარ მწვრთნელს, ჩაბი ალონსოს, სიტუაციის გამოსასწორებლად კიდევ სამი მატჩი მისცა.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 44 წლის ბასკი სპეციალისტი შესაძლოა თანამდებობიდან გაეთავისუფლებინათ ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-6 ტურის მატჩში „მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემთხვევაში. „სამეფო კლუბმა" გუშინ საკუთარ მოედანზე ანგარიშით 1:2 წააგო.
თუმცა, გამოცემა AS-ის ინფორმაციით, მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა მწვრთნელს შედეგების გასაუმჯობესებლად მეტ დროს მისცემს.
ჩაბის მომავალზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს ლა ლიგისა და ესპანეთის თასის სამმა მატჩმა, რომლებიც წელს გაიმართება „ალავესთან" (14 დეკემბერი), „ტალავერასთან" (17 დეკემბერი) და „სევილიასთან" (20 დეკემბერი).
კლუბში აღნიშნეს „რეალის" თამაშში პოზიტიური ცვლილებები „მანჩესტერ სიტისთან" მატჩში, თუმცა დამარცხება და გულშემატკივრების სტვენა სამეფო კლუბის ხელმძღვანელებს არ მოეწონათ.
როგორც იწერება, ალონსოსთვის ულტიმატუმი არ წაუყენებიათ, მაგრამ გუნდის წარუმატებელმა გამოსვლებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს მწვრთნელის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებაზე.
რაც შეეხება ფეხბურთელების დამოკიდებულებასა და კრიტიკას, ის უკავშირდება არა „მანჩესტერ სიტისთან" თამაშს, არამედ წინა ინციდენტებს.
ვინისიუს ჟუნიორის მიმართ გულშემატკივრების ნეგატიური რეაქცია „სანტიაგო ბერნაბეუზე" აშკარა იყო, მაგრამ კლუბს კვლავ სჯერა ბრაზილიელი ვინგერის, თუმცა ითხოვს მისგან თამაშის გაუმჯობესებასა და საგოლე მომენტების რეალიზაციას. იგივე ეხება ჯუდ ბელინგემსაც.