შფოთვის ეპიზოდები ჰქონდა - არაუხო მენტალურ პრობლემებს ებრძვის
„ბარსელონას“ ცენტრალური მცველი რონალდ არაუხო ფსიქიკური მდგომარეობის გამოსწორებაზე მუშაობს და უახლოეს მატჩებში გუნდს ვერ დაეხმარება. ამის შესახებ ესპანური მედია იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის ურუგვაელმა ფეხბურთელმა კლუბს მენტალური პრობლემების გადასალახავად დროის გამოყოფა სთხოვა. ცნობილი ინსაიდერი ჰელენა კონდისი წერს, რომ არაუხოს შფოთვის რამდენიმე ეპიზოდი ჰქონდა.
კლუბის ხელმძღვანელობამ ურჩია არაუხოს, პრობლემების მოსაგვარებლად იმდენი დრო გამოიყენოს, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლის, ვინაიდან „ყველაზე მთავარი მისი ფსიქოლოგიური და ემოციური რეაბილიტაციაა“.
ასევე, ზოგიერთი ესპანური გამოცემა წერს, რომ თუ არაუხო წლის ბოლომდე მოედანს ვერ დაუბრუნდება, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ბარსელონა“ ცენტრალური მცველის დამატებას შეეცდება.
ცნობისთვის, 25 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე „ჩელსისთან“ მატჩში არაუხო მოედნიდან გააძევეს. ამის შემდეგ მან ფსიქოლოგიური პრობლემების გამო ლა ლიგაში 3 მატჩი (ალავესი, ატლეტიკო, ბეტისი) გამოტოვა.