ფლიკი: ბარსელონამ კვლავ დაიბრუნა საუკეთესო ფორმა
„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი კმაყოფილია საკუთარი გუნდის რეაქციით ჩემპიონთა ლიგაზე, „ჩელსისთან“ (0:3) მარცხის შემდეგ.
2 დეკემბერს, „ბარსელონამ“ ლა ლიგის გადადებული მე-19 ტურის მატჩში, საკუთარ მოედანზე „ატლეტიკო“ 3:1 დაამარცხა, 6 დეკემბერს კი „ბლაუგრანას“ „ბეტისი“ უმასპინძლებს.
„ბეტისი“ ფანტასტიკური გუნდია კარგი ფეხბურთელებით. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ იგივე, რაც „ატლეტიკოსთან“ მატჩში. ეს შესანიშნავი გამარჯვება იყო, რომელმაც თავდაჯერებულობა შეგვმატა. იგივე უნდა ვაჩვენოთ ხვალაც. კმაყოფილი ვარ იმ დონით, რომელზეც ახლა ვთამაშობთ. მე მჯერა ჩემი გუნდის „ჩელსისთან“ მარცხის შემდეგ, ვენდობი მათ. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ როდესაც ერთმანეთთან ვთანამშრომლობთ და სწორად ვინაწილებთ პოზიციებს მოედანზე, კარგად ვთამაშობთ და სწორედ ამის ხილვა მსურს. „ატლეტიკოსთან“ მატჩში გუნდმა კვლავ დაიბრუნა თავისი საუკეთესო ფორმა. ასევე ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც თამაშის შემდეგ ვიხილე“, – თქვა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანელმა სპეციალისტმა „ბარსელონა“ 2024 წლის მაისის მიწურულს ჩაიბარა. 60 წლის ჰანსის ხელმძღვანელობით, გუნდმა ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი და სამეფო თასი მოიგო.