„არაუხოს ასე არ უნდა ემოქმედა, ფერანს უნდა გაეტანა“ - ფლიკი
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა „ჩელსისთან“ გასვლაზე მარცხის შემდეგ რონალდ არაუხოს მიერ მიღებულ წითელ ბარათზე ისაუბრა და ის საგოლე მომენტიც გაიხსენა, რომელიც ფერან ტორესს მატჩის დასაწყისში შეექმნა.
„შესანიშნავი მომენტი გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. შემდეგ კი, ასეთი გუნდის წინააღმდეგ რიცხობრივ უმცირესობაში თამაში მარტივი არაა. ვიბრძოდით, იყო დადებითი მომენტებიც, მაგრამ ძალიან ხშირად ვკარგავდით ბურთს. მეტს ვერაფერს დავამატებ.
ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ. „ჩელსი“ ძალიან კარგად აკონტროლებს ბურთს და ამ შედეგს უნდა შევეგუოთ, თუმცა პოზიტიური განწყობა აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვედრა რთული იქნება, მაგრამ ცდას არ დავაკლებთ.
არაუხოს წითელი ბარათი? არ ვიცი, რა მოხდა პირველი ყვითელი ბარათის შემთხვევაში. რონალდს უნდა გავესაუბრო და ვიდეო ვნახო. რაც შეეხება მეორე ყვითელს - არაუხოს ასე არ უნდა ემოქმედა. თუმცა ფეხბურთში ასეთი რაღაცებიც ხდება“.
ცნობისთვის, „ჩელსიმ“ „სტემფორდ ბრიჯზე“ „ბარსელონა“ 3:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში მასპინძლები ჟიულ კუნდეს ავტოგოლით დაწინაურდნენ, 44-ე წუთზე კი მოედნიდან რონალდ არაუხო გააძევეს. მეორე ტაიმში ესტევაომ „ლურჯების“ უპირატესობა გაზარდა, ლიამ დელაპმა კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.