„ტოტენჰემი ძლიერი გუნდია, რთული თამაში გველოდება“ | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. მის გუნდს მომდევნო შეხვედრა „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ ელის და ესპანელმა სპეციალისტმა „დეზებზე“ ისაუბრა.
ტოტენჰემთან სუპერ თასის შეხვედრა და გამოდგება თუ არა ეს მატჩი მოსამზადებლად
„იმ მატჩთან კარგი მოგონებები გვაკავშირებს, რადგან სასურველი შედეგით დავასრულეთ, თუმცა პირველი 60 წუთი ნამდვილად კარგი არ ყოფილა და ძალიან გაგვიჭირდა. ვფიქრობ, იმ თამაშის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მზად ვართ, დომინანტი გუნდი ვიყოთ და გავიმარჯვოთ. ტოტენჰემი ძლიერი გუნდია და მათი ფეხბურთელების უმეტესობა ეროვნული ნაკრებების წევრია. ტოტენჰემმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება მშვენივრად დაიწყო და მარტივი შეხვედრა არ გველოდება. მეორე მხრივ, მოხარულები ვართ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე, საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ ვთამაშობთ. სუპერ თასის შემდეგ ტოტენჰემი ძალიან შეიცვალა. ვიცით, მათი სათამაშო სტილი როგორი არის და ვეცდებით, დომინანტები ვიყოთ. ამ მატჩისთვის ჩვენი მიზანი ბურთზე კონტროლის დამყარებაა.“
როტაცია შეტევაში და დეზირე დუეს არყოფნა
„ერთი ფეხბურთელის არყოფნაზე არ უნდა გადავიტანო ყურადღება. ადაპტაცია უნდა მოვახდინოთ და პროგრესი ვაჩვენოთ. მე, როგორც მწვრთნელი, სეზონის სტარტის შემდეგ, ოპტიმისტური განწყობით ვარ და შემიძლია, გაბედული გადაწყვეტილებები მივიღო, რადგან საგოლე მოქმედება ბევრმა ფეხბურთელმა შეასრულა. თუ გინდა ნამდვილი გუნდი იყო, რამდენიმე ვარიანტი უნდა გქონდეს. სულერთია, მარცხენა გარემარბის, თავდამსხმელის თუ მარჯვენა გარემარბის პოზიციას ეხება საუბარი.“
ინგლისური გუნდების მენტალიტეტი
„მზად უნდა ვიყოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში თავი დავიცვათ და უბურთოდ კარგად ვითამაშოთ. ვიცით, რომ ტოტენჰემი სტანდარტული სიტუაციებიდან სახიფათო მომენტების შექმნას შეეცდება და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა მათ გავუმკლავდეთ.“
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ტოტენჰემის“ დაპირისპირება 26 ნოემბერს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.