„კეთილმოსურნეების მოსმენა უნდა ისწავლოს“ - ნადალის რჩევა იამალს
ესპანური სპორტის ლეგენდამ, ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა, რომელმაც კარიერა ერთი წლის წინ დაასრულა, „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების გარემარბზე, ლამინ იამალზე ისაუბრა.
რას ამბობს ნადალი:
„იამალმა უნდა შემოიკრიბოს ირგვლივ ისეთი ხალხი, ვინც მას ნამდვილად უჭერს მხარს და ვისაც მისი ბედნიერება სურს. იამალმა უნდა ისწავლოს მათი მოსმენა, რაც მარტივი არაა, როდესაც ასეთი ცნობილი ადამიანი ხარ და მედიის ყურადღების ცენტრში ექცევი. ლამინის ახალგაზრდა ასაკის გათვალისწინებით ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
გარემოცვას იამალისთვის სარგებელი უნდა მოჰქონდეს. წარმატებისკენ სხვადასხვა გზას მიჰყავხარ, მაგრამ ის, თუ როგორ უმკლავდები წარმატებასთან ერთად მოსულ გამოწვევებს, ან ბედნიერებას, ან პირიქით - უბედურებას მოგიტანს“.
როგორც ცნობილია, 18 წლის ლამინ იამალის პირადი ცხოვრების დეტალები ხშირად ხდება მედიასაშუალებების განხილვის თემა. ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა მისი და არგენტინელი მომღერლის, ნიკი ნიკოლის რომანი, რომელსაც ახალგაზრდა ფეხბურთელი რამდენიმე კვირის წინ დაშორდა.