„კონტაქტი მინიმალური იყო“ | ლე ტისიე მამარდასა და დოკუს ეპიზოდზე
„საუთჰემპტონის“ ლეგენდამ, მეტ ლე ტისიემ „მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულს“ შორის გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც „ქალაქელებმა“ 3:0 მოიგეს. ლე ტისიემ თერმეტმეტრიანის ეპიზოდზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გიორგი მამარდაშვილს ჟერემი დოკუსთან მინიმალური კონტაქტი ჰქონდა.
„საკითხავია, იყო თუ არა საკმარისი კონტაქტი, რომ დოკუ წაქცეულიყო. რთულია განსაჯო. ალბათ, უკეთესი წარმოდგენა შეგექმნებოდა, ინციდენტი საკუთარი თვალით, ახლო მანძილიდან რომ დაგენახა, ვიდრე ტელევიზორში, რამდენიმე გამეორებისთვის შენელებულ კადრში გეყურებინა, რადგან არის მომენტები, როდესაც ეს არასწორ შთაბეჭდილებას ტოვებს.
სიმართლე გითხრათ, პირადად მე, მიმაჩნია, რომ კონტაქტი ძალიან მინიმალური იყო. პატივისცემა მეკარეს, რადგან კარგი სეივი მიითვალა და თერთმეტმეტრიანი მოიგერია.“
სხვათა შორის, ლე ტისიემ „ლივერპულის“ გაუქმებულ გოლზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავარმა არბიტრმა მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ენდრიუ რობერტსონს ეპიზოდზე სერიოზული გავლენა არ მოუხდენია და ჯანლუიჯი დონარუმასთვის ხელი არ შეუშლია.