შენგელიას 6 ქულა და 5 ჯარიმა - ბარსელონა კიდევ დამარცხდა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-6 სათამაშო დღეს, თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ სტუმრად ჟირონას დაუპირისპირდა და 16 ქულის სხვაობით, 96:78 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან გამოჩნდა. თოკომ პარკეტზე 15 წუთამდე გაატარა და ამ დროის განმავლობაში 6 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 2 საჯარიმო სროლა ჩააგდო და ასევე 4 ორქულიანიდან 2 ზუსტად ისროლა. შენგელიამ 5 პერსონალური ჯარიმა მიიღო, რის გამოც თამაში ნაადრევად დაასრულა.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი „ჟირონას“ წევრი, პეპ ბუსკეცი გახდა, რომელმაც 18 ქულა დააგროვა, „ბარსელონადან“ კი საუკეთესო ვილი ერნანგომესი იყო, რომელსაც ასევე 18 ქულა ჰქონდა.
6 ტურის შემდეგ „ბარსელონას“ 2 მოგება და 4 მარცხი აქვს, სატურნირო ცხრილში კი 4 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება. თორნიკე შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას „ევროლიგაზე“, სტუმრად მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ 12 ნოემბერს გამართავს.