დეზირე დუე
Aa
Aa

მნიშვნელოვან მატჩებს გამოტოვებს - პსჟ-მ დუე ისევ დაკარგა

ლიგა 1-ის მე-10 ტურში პსჟ-მ სტუმრად „ლორიენთან“ ფრედ 1:1 ითამაშა და მორიგი ქულები დაკარგა. გარდა ქულებისა, პარიზელებმა ერთ-ერთი ლიდერი დეზირე დუეც დაკარგეს.

დუეს ტრავმასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება პარიზულმა კლუბმაც გაავრცელა.

„დეზირე დუე, რომელმაც „ლორიანთან“ მატჩში ტრავმა მიიღო, მარჯვენა ბარძაყის კუნთის დაზიანება უფიქსირდება. ის რამდენიმე კვირით დაგვაკლდება. დამატებითი გამოკვლევა სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩატარდება“,

- ნათქვამია „პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალურ განცხადებაში.

ინციდენტი ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) მიმდინარეობისას მოხდა, როდესაც დუე, ფლანგზე იმყოფებოდა და უეცრად გაჩერდა, გაზონზე დაეცა, მარჯვენა ბარძაყზე ხელი მოიჭირა. ფეხბურთელმა ვეღარ შეძლო თამაშის გაგრძელება და მოედანი საკაცით დატოვა.

ფრანგული პრესის ცნობით, 20 წლის ფრანგი შემტევი მინიმუმ 2-3 კვირას გამოტოვებს.

პარიზელები მომდევნო შეხვედრას ლიგა 1-ის მე-11 ტურში შინ „ნიცასთან“ გამართავენ. შემდეგ კი სამშაბათს 4 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებენ. პსჟ 9 ნოემბერს „ლიონს“ ესტუმრება - დუე სწორედ ამ მატჩებს გამოტოვებს. შემდეგ კი სანაკრებო პაუზაა, რაც მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტ ვადებს დაადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები