„მესამე ადგილი უნდა შევინარჩუნოთ“ - მარსელინო ვალენსიური დერბის წინ
ლა ლიგის უახლოეს ტურში გულშემატკივარი ვალენსიურ დერბის იხილავს, დღეს კი „ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინო გარსია ტორალმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„ვალენსიას“ სათამაშო სტილი ძალიან ჰგავს ჩვენსას. ისინი მატჩს აგრესიულად იწყებენ, მოიგეს ორი საშინაო შეხვედრა „ბილბაოსთან“ და „ხეტაფესთან“. ემოციური თვალსაზრისით ვალენსიურ დერბიში თამაში ყოველთვის რთულია. შევეცდებით, კარგი მატჩი ჩავატაროთ, მაგრამ ვიცით, რომ ძალიან ძლიერი გუნდი გვიპირისპირდება. 90 წუთის განმავლობაში ჩვენი საუკეთესო ვერსია უნდა ვაჩვენოთ.
„ღამურებს“ შეტევაში სწრაფი, აგრესიული ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც კარგად აგვირგვინებენ შეტევებს. „ვალენსია“ კარგად გაწვრთნილი გუნდია, რომელმაც იცის, რა უნდა გააკეთოს მოედანზე. კარლოს კორბერანმა გუნდი შარშან რთულ პერიოდში ჩაიბარა და გავარდნას გადაარჩინა. ისინი კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობენ და სახიფათო კონტრშეტევები აქვთ.
კალენდარი ძალიან მჭიდროა, ამიტომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ საუკეთესო ოთხეულში დარჩენას. ამას ემატება ჩემპიონთა ლიგაზე თამაშიც. კმაყოფილი ვარ იმით, როგორც რეაგირებენ ამაზე ფეხბურთელები. იმედია, მოვიგებთ და მესამე ადგილს შევინარჩუნებთ“.
ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ 9 მატჩის შემდეგ 17 ქულით ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზეა და ლიდერ „რეალს“ 7 ქულით, მეორე ადგილზე მყოფ „ბარსელონას“ კი 5 ქულით ჩამორჩება. მეოთხე-მეხუთე ადგილებზე მყოფ „ატლეტიკოსა“ და „ბეტისს“ 16-16 ქულა აქვთ.
რაც შეეხება ქართველ ფორვარდს, ტრავმის გამო ლა ლიგის გასულ ტურში „ბეტისთან“ გამოტოვებული მატჩის შემდეგ მიქაუტაძე ჩემპიონთა ლიგაზე, „სიტისთან“ მატჩში მოედანს დაუბრუნდა და 66 წუთი ათამაშა. ქართველი ფორვარდის ანგარიშზე ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 2 გოლი და 1 საგოლე პასია.
აქვე გეტყვით, რომ „ვალენსია“-„ვილიარეალის“ მატჩი 25 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.