ხვიჩა ტრავმის გამო შეცვალეს | პსჟ-მა ლიდერობა დაიბრუნა
ლიგა 1-ის მე-6 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „პარკ დე პრენსზე“ „ოსერს“ უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა.
ქართველმა შემტევმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში, შეტევის მარცხენა ფლანგზე დაიწყო. 32-ე წუთზე ხვიჩას კარგი მომენტი ჰქონდა, როდესაც „ოსერის“ მეკარემ მისი დარტყმა კუთხურზე მოიგერია, რის შემდეგაც ილია ზაბარნიმ პსჟ-ის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა და მასპინძლები დააწინაურა. მეორე ტაიმში ლუკას ბერალდომ პსჟ-ის უპირატესობა ორამდე გაზარდა.
პირველ ტაიმში ოსერის მცველებმა ხვიჩას წინააღმდეგ რამდენჯერმე იუხეშეს. ლუის ენრიკემ კვარაცხელია შესვენებაზე შეცვალა და მის ნაცვლად მოედანზე ბრედლი ბარკოლა გამოუშვა. ფრანგული გამოცემა Footmercato-ს ცნობით, ხვიჩას შეცვლა იძულებითი იყო, ხოლო რამდენად სერიოზულია დაზიანება, ეს ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ ტაიმში დაზიანების გამო მოედანი ვიტინიამაც დატოვა, მის ნაცვლად კი თამაშში აშრაფ ჰაკიმი ჩაერთო.
ქართველმა გარემარბმა Sofascore-ისგან 6.8-იანი შეფასება დაიმსახურა. კვარას სტატისტიკა ასეთი იყო: 1 დარტყმა კარში, 1 დარტყმა კარისკენ, 5-დან 3 წარმატებული დრიბლინგი, 45 შეხება ბურთთან, 28-დან 25 ზუსტი პასი (89%), 3-დან 3 ზუსტი გრძელი პასი, 11-დან 5 მოგებული ორთაბრძოლა და 1 ჩაჭრა. ხვიჩამ 9-ჯერ დაკარგა ბურთი და მეტოქეს ერთხელ დაარღვევინა წესები.
კვარას საუკეთესო მომენტები
6 ტურის შემდეგ პარიზელები 15 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე არიან და მომდევნო მატჩს 1 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართავენ.