„მას მხოლოდ ჩემი გამოყენება სურდა“ - აჩერბი სპალეტისთან კონფლიქტზე
ფრანჩესკო აჩერბიმ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სანაკრებო კარიერა დაასრულა. 37 წლის იტალიელმა ცენტრალურმა მცველმა ივნისში, ნორვეგიასთან და მოლდოვასთან 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა, რაც როგორც ახლა ირკვევა, მხოლოდ და მხოლოდ იტალიის ნაკრების მაშინდელ დამრიგებელ ლუჩიანო სპალეტისთან კონფლიქტით იყო გამოწვეული. სამი თვის წინ მომხდარი ამბები აჩერბიმ Sky Sport italia-სთან საუბარში დეტალურად გაიხსენა და ასეთი კომენტარი გააკეთა:
„2024 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ლუჩიანო სპალეტიმ არ გამომიძახა და გადავწყვიტე ოპერაცია გამეკეთებინა. თუმცა, მერწმუნეთ, კონტინენტის პირველობისთვის ოპტიმალურ ფორმაში ვიყავი და მწვრთნელს ნდობა რომ გამოეცხადებინა, თავს ნამდვილად არ შევირცხვენდი. ფეხბურთში ზედმეტი მოლოდინი არასოდეს მქონია, ამიტომაც ამისგან ტრაგედია არ შემიქმნია. ის არის მთავარი მწვრთნელი, რომელიც შედეგზეა პასუხისმგებელი და თავად წყვეტს, როდის ვინ გამოიძახოს. პრობლემა ჩემთვის მხოლოდ ის გახდა, რომ მან საჯაროდ რამდენიმე უადგილო და უსიამოვნო განცხადება გააკეთა.
სპალეტიმ ორჯერ დარეკა და აქედან ერთხელ დილით და თითქმის ბოდიშის მოხდა მოუწია. თუმცა, შემდეგ თქვა, რომ ტრავმებისადმი ვიყავი მიდრეკილი, რის გამოც მხოლოდ ნორვეგიასთან მათამაშებდა. არცკი უთქვამს, რომ სამომავლოდ, თუნდაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩემი იმედი ექნებოდა. აქედან გამომდინარე ვიგრძენი, რომ მას მხოლოდ ჩემი გამოყენება სურდა. უკვე 37 წლის ვარ და არავის მივცემ უფლებას მხოლოდ ერთი მატჩისთვის გამომიძახონ, შემდეგ კი სანაგვეში მომისროლონ. არც მესი ვარ, არც პელე, მაგრამ ასე მოქცევას არ ვიმსახურებდი, რაც სპალეტის პირდაპირ ვუთხარი.
ყოველთვის მზად ვარ ვითამაშო იტალიის ნაკრებში, მაგრამ არა ისეთი პირობების ქვეშ, როგორსაც ლუჩიანო სპალეტი მთავაზობდა. ასე რომ, თუ ჯენარო გატუზო ჩათვლის, რომ „სკუადრა აძურასთვის“ სარგებლის მოტანა შემიძლია, მის ზარს სიამოვნებით დაველოდებოდი“.
ცნობისათვის, ფრანჩესკო აჩერბი იტალიის ნაკრებში 2014 წლიდან ასპარეზობს და მას შემდეგ ჩატარებულ 34 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.