„პერესს უარი ამიტომ ვუთხარი“ - პოჩეტინომ რეალი გაიხსენა
2026 წლის მუნდიალის ერთ-ერთი მასპინძელი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებია და ამ ქვეყნის ხელმძღვანელობას დიდი სურვილი აქვს, რომ ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენონ. საამისოდ მათ მაურისიო პოჩეტინიოს სახით საკმაოდ კვალიფიციური სპეციალისტი ჰყავთ შერჩეული, რომელმაც კარიერის განმავლობაში ყველაზე დიდ წარმატებას ლონდონის „ტოტენჰემში“ მუშაობისას მიაღწია, თუმცა ახლა გაიხსენა, რომ ჰქონდა სერიოზული შანსი სათავეში მადრიდის „რეალს“ ჩადგომოდა და უარი შემდეგი მიზეზის გამო თქვა:
„როდესაც ზინედინ ზიდანმა თანამდებობა დატოვა, მქონდა სერიოზული შანსი სამეფო კლუბს სათავეში ჩავდგომოდი. თუმცა, დენიელ ლევისთვის სიტყვა მქონდა მიცემული, რომ სანამ ახალი სტადიონის მშენებლობა არ დასრულდებოდა, „ტოტენჰემს“ არ დავტოვებდი. როდესაც მადრიდიდან შემეხმიანენ, არენის მშენებლობა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა და ესპანელებს შევუთვალე, რომ ბოლო სიტყვა ლევზე იყო დამოკიდებული. არ ვიცი ფლორენტინო პერესს რამდენად ეწყინა ჩემი საქციელი, მაგრამ მას გასაგებად მივახვედრე, რომ თავისუფალი აგენტი არ ვიყავი“.
„ტოტენჰემში“ მუშაობისას მაურისიო პოჩეტინო ორი ტიტულის მოგებასთან ახლოს იყო, თუმცა მისი მომზადებული „დეზები“ 2015 წელს ინგლისის ლიგის თასის, ხოლო 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდნენ.