ჰაიდენჰაიმმა ბუნდესლიგა მარცხით დაიწყო | ბუდუ 71-ე წუთზე შეცვალეს
გერმანიის ბუნდესლიგის 2025-26 წლების სეზონის პირველ ტურში „ჰაიდენჰაიმი’’ შინ „ვოლფსბურგთან’’ 1:3 დამარცხდა. მე-20 წუთზე ანდრეას სკოვ ოლსენის გოლით სტუმრები დაწინაურდნენ, 29-ე წუთზე ლეო სიენზამ ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. 66-ე წუთზე სვანბერგმა სტუმრები დააწინაურა, 87-ე წუთზე ამოურამ პენალტის ნიშნულიდან მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ჰაიდენჰაიმის'' მთავარმა მწვრთნელმა ბუდუ ზივზივაძე სასტარტო 11-ეულში ათამაშა და 71-ე წუთზე კაუფმანით შეცვალა.
30-ე წუთზე „ვოლფსბურგის’’ ფეხბურთელებმა ბურთი საკუთარ ნახევარზე დაკარგეს, მეკარე კარიდან გამოსული იყო, ბუდუს გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა შორი მანძილიდან ცუდად დაარტყა, სიძლიერე აკლდა და მეკარისთვის ადვილად ასაღები იყო. 35-ე წუთზე ჩაწოდების შემდეგ ბუდუ ახლო მანძილიდან კარისკენ დარტყმას ცდილობდა, თუმცა ბურთს ვერ შეწვდა.
ახალ სეზონში „ჰაიდენჰაიმმა’’ მეორე ოფიციალური მატჩი ჩაატარა, პირველი შეხვედრა გერმანიის თასზე გამართა, სტუმრად მე-4 ლიგის „ბალინგერს’’ 5 უპასუხო გოლი გაუტანა. ბუდუმ სასტარტო 11-ეულში შეუცვლელად ითამაშა, თუმცა გოლი არ გაუტანია.
ბუნდესლიგის მეორე ტურში „ჰაიდენჰაიმი’’ „ლაიფციგს’’ ესტუმრება (17:30, 30 აგვისტო). პირველ ტურში „ბაიერნმა’’ შინ „ლაიფციგი’’ 6:0 გაანადგურა.
31 წლის ქართველი ფორვარდი გასულ ზამთარში მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუედან’’ ბუნდესლიგის „ჰაიდენჰაიმში’’ გადავიდა. გასული სეზონის მეორე ნახევარში ბუნდესლიგის 15 მატჩში 2 გოლი გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდს, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, Transfermarkt-ი ორ მილიონ ევროდ აფასებს.