უარი დონარუმაზე? - სიტი ედერსონის შენარჩუნებას ამჯობინებს
„მანჩესტერ სიტი“ ედერსონის შენარჩუნებას ანიჭებს უპირატესობას, ვიდრე ჯანლუიჯი დონარუმას გაფორმებას.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისური კლუბი ჯიჯის დამატებას განიხილავს, თუ გუნდიდან მისი ბრაზილიელი მეკარე წავა.
როგორც ESPN-ი თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, „ქალაქელები“ ედერსონის დატოვებას ამჯობინებენ, თუმცა დონარუმას ტრანსფერიც არაა გამორიცხული.
ეს გარიგება იმაზე იქნება დამოკიდებული, მოითხოვს თუ არა, თავად ედერსონი გადასვლას და გაუკეთებს თუ არა რომელიმე კლუბი „სიტის“ ისეთ შეთავაზებას, რომელიც ბრაზილიელის სატრანსფერო ღირებულების შესაბამისი იქნება.
ამ მომენტისთვის „ქალაქელებს“ 31 წლის გოლკიპერის შესახებ წინადადება არ მიუღიათ.
მანამდე დონარუმამ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და „პარი სენ-ჟერმენსა“ და კლუბის გულშემატკივრებს დაემშვიდობა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პარიზელებმა ახალი მეკარე წარადგინეს. ლუკა შევალიე პარიზელების ღირსებას 2030 წლამდე დაიცავს.
გეტყვით ასევე, რომ დონარუმა პსჟ-ში 2021 წლიდან თამაშობს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 40 მილიონი ევროა.