გუნდური პირველობა ქართულ ჭიდაობაში - ტურნირს ძლევიჯვარმა უმასპინძლა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში საქართველოს გუნდური ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირი 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, ლეგენდარული ძიუდოისტის, შოთა ხაბარელის სახელს ატარებს, რომელიც ამ სოფელშია დაბადებული. შეჯიბრება ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა და მონაწილეობა თექვსმეტმა გუნდმა მიიღო.
გამარჯვებული კასპის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში კახეთი დაამარცხა, ხოლო გადამწყვეტი ბრძოლა 2021 წლის ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებულმა, 27 წლის ძიუდოისტმა ჯაბა პაპინაშვილმა მოიგო. დაძაბული გამოდგა დაპირისპირება ბრინჯაოს მედლისთვისაც, სადაც წყალტუბოს კლუბმა მასპინძელ ქარელს 3:2 აჯობა.
ქართული ჭიდაობის საქართველოს გუნდური ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 24 ათას ლარს შეადგენდა და ფულადი ჯილდოს სახით ჩემპიონმა გუნდმა - 12 ათასი, ვერცხლის პრიზიორმა - 7 ათასი, ხოლო საპრიზო მესამე ადგილის მფლობელმა - 5 ათასი ლარი მიიღო.