ლიცენზირების პრობლემა - ბარსა 10 აგვისტოს სავარაუდოდ კამპ ნოუზე დაბრუნებას ვერ შეძლებს
„ბარსელონაში“ პრობლემები გრძელდება. ამჯერად, საქმე განახლებულ „კამპ ნოუს“ ეხება, რომლის გახსნაც (არასრული, დროებითი) 10 აგვისტოს გამპერის თასზე უნდა მომხდარიყო, მაგრამ ბოლო ცნობები დამაიმედებლად ვერ გამოიყურება.
Mundo Deportivo-ს ცნობით, მთავარი პრობლემა ბარსელონას საქალაქო საბჭოს მიერ ლიცენზიის გაცემაა. კლუბი ამ მხრივ ოპტიმისტურად განწყობილი ვერ არის. „ბარსამ“ პირველადი გამოყენების ლიცენზია უნდა მიიღოს, რომელიც აუცილებელია მინიმუმ 30 ათასი მაყურებლის მისაღებად, რასაც ამ დრომდე ვერ აგვარებენ.
თუ ეს ნებართვა არ იქნება მიღებული, შესაძლოა, გეგმები შეიცვალოს და 10 აგვისტოს დაგეგმილი მატჩი სხვა ადგილას გადაიტანონ. სავარაუდოდ, იტალიური „კომოს“ წინააღმდეგ ჩანიშნული შეხვედრა „იოჰან კრუიფის“ სახელობის კლუბის ბაზაზე გაიმართება, რომელიც 5 ათასამდე მაყურებელს იტევს.
აღნიშნულია, რომ განახლებულ სტადიონზე აბონემენტების გაყიდვა 10 აგვისტოს შემდეგ დაიწყება, როდესაც გაირკვევა, რამდენი აბონემენტის შეთავაზება შეიძლება გულშემატკივრებისთვის და რა ფასად.
კლუბი ვარაუდობს, რომ ლა ლიგაში „ვალენსიასთან“ პირველი საშინაო მატჩისთვის (13 ან 14 სექტემბერი) „კამპ ნოუს“ პირველ და მეორე იარუსებზე 62 000 ადგილი იქნება ხელმისაწვდომი.