გამარჯვება ლუქსემბურგთან - წინ ლატვიასთან მატჩია
საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ვერცხლის ლიგის 2025 წლის გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ფრენბურთელებმა თბილისის ოლიმპიური სასახლის დარბაზში ლუქსემბურგის გუნდი სეტებში 3-2 დაამარცხეს და ტრიბუნაზე მისული მცირერიცხვოვანი გულშემატკივარი გაახარეს.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მასპინძლების ლიდერი ანა კალანდაძე გახლდათ, რომელმაც 28 ქულა დააგროვა და ბოლო, გამარჯვების მომტანი ქულა საქართველოს ნაკრებს დიდებული ეისით მოუტანა. 20 ქულა მაგდა კობაიძის ანგარიშზეა, ხოლო მარიამ გაფრინდაშვილმა და მარიამ მუშკუდიანმა თამაში შესაბამისად, 13 და 12 ქულით დაასრულეს.
ევროპის ვერცხლის ლიგის გათამაშებაში საქართველოს ქალ ფრენბურთელთა გუნდი თბილისში კიდევ ერთ მატჩს კვირას ლატვიელებთან გამართავს, ხოლო ივლისში ჩრდილოეთ მაკედონიელებთან და ისრაელელებთან ორ გასვლით თამაშს ჩაატარებს.