“შიშები და აღფრთოვანება“ - ჯუზეპე როსი მანჩესტერ იუნაიტედში
როდესაც ჯუზეპე როდის 2004 წელს, 17 წლის ასაკში მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა, იქ უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი დახვდა. იმ დროს კი წითელი ეშმაკები აბსოლუტურად ყველა ტურნირის მოგებისთვის იბრძოდნენ.
ნიუ-ჯერსიში დაბადებული როსი ოლდ ტრაფორდზე პარმადან ჩავიდა. ჯუზეპე ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ თავდამსხმელად ითვლებოდა. ის იტალიის ახალგაზრდულ გუნდში აღიზარდა და აძურის შემადგენლობაში 30 მატჩი ჩაატარა.
თუმცა ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც როსიმ მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა. ჯუზეპე სერ ალექსის გუნდში 3 წელი თამაშობდა და ყველა ტურნირზე ერთად მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა.
როგორც აღმოჩნდა, მანჩესტერული კარიერის დროს, იტალიელ ფეხბურთელზე ნემანია ვიდიჩს საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა. ამის შესახებ თავად როსიმ ისაუბრა.
როსი:
„მახსოვს პირველივე დღიდან „დიდი“ ვიდიჩის საშინლად მეშინოდა. ის ბიჭი უშიშარი იყო. სახეში და ზურგში დაუფიქრებლად ჩაგარტყამდა, რომ ბურთი მის კარში არ გასულიყო. ის ნამდვილი ცხოველია, მაგრამ მოედანს გარეთ, ყველაზე კარგი ადამიანია. ფეხბურთის სამყაროში ასეთი ალტერ ეგოს ყოლა მნიშვნელოვანია.
ასევე აღფრთოვანებული ვიყავით პოლ სქოულზით. ის თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ნახევარმცველი იყო და გოლების გატანა ნებისმიერი გზით შეეძლო. რაც შეეხება კრიშტიანუს, მას ყველა ის თვისება ჰქონდა, რაც პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელს უნდა ჰქონოდა. მისი დაუნდობელი მენტალიტეტი ყველასგან გამოარჩევდა.
მიუხედავად იმისა, რომ ფერგიუსონი შანსს არ მაძლევდა, მასზე ცუდის თქმა არ შემიძლია. გენიალური იყო!! იცავდა ფეხბურთელებს, აკონტროლებდა მათ ეგოს და პატივისცემას მოითხოვდა. ის გამარჯვებულის მენტალიტეტს ჰქმნიდა. მან დატოვა მემკვიდრეობა, რომელიც დღემდე ვერავინ გააგრძელა. მაინც ბედნიერი ვარ, რომ მის გუნდში ვთამაშობდი.“
შეგახსენებთ, რომ ჯუზეპე როსი კარიერის სხვადასხვა დროს მანჩესტერ იუნაიტედში, ნიუკასლში, პარმაში, ვილიარეალში, ფიორენტინაში, ლევანტეში, სელტაში, ჯენოაში, რეალ სოლთ ლეიქში და სპალში თამაშობდა. კარიერა 2023 წელს დაასრულა.