აშვეთია: ქართული ოჯახები შვილებს რუსეთში სათამაშოდ აღარ უშვებენ
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის’’ ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ აშვეთია რუსულ championat.com-ს ესაუბრა. 47 წლის საფეხბურთო სპეციალისტს, რომელიც ამჟამად „სამტრედიას’’ წვრთნის, ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელების ევროპაში წასვლის ტენდენციაზე ჰკითხეს.
მიხეილ აშვეთია: „მამუკა ჯუღელი რუსულიდან ევროპულ ბაზარზე გადავიდა და აი შედეგიც მივიღეთ. რა თქმა უნდა, ვხუმრობ. სერიოზულად რომ ვთქვათ, ოჯახები დღეს არ უშვებენ შვილებს რუსეთში სათამაშოდ. ახლა ევროპაში წასვლა ბევრად მარტივია, ვიზაც აღარაა საჭირო. კლუბები 17-18 წლის ბიჭებს ყიდულობენ. ეს ნაკადი მხოლოდ იზრდება. ყოველ წელს თბილისის „დინამოს“ აკადემიიდან ოთხი-ხუთი ფეხბურთელი კარგ ევროპულ კლუბში გადადის. შეიძლება მეორე ხვიჩა არ იყოს, მაგრამ ნაკრების ხარისხიანი შევსება გარანტირებულია’’.
რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ინტერვენციის შემდეგ ქართველი ფეხბურთელების რაოდენობა რუსეთში მკვეთრად შემცირდა, რაც როგორც მორალური, ასევე სპორტული კუთხით სწორი გადაწყვეტილება იყო. ლეგიონერთა და ეროვნული ნაკრების წარმატებული თამაში ამის დასტურია. საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ფეხბურთელებიდან ლუკა გაგნიძე ერთადერთია, რომელიც რუსეთში თამაშობს, გასულ ზამთარში მოსკოვის „დინამომ’’ „კრილია სოვეტოვში’’ გაანათხოვრა, თუმცა არც ამ რუსულ გუნდშია მისი კარიერა წარმატებული. ვიმედოვნოთ, ივნისში გასამართი ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე კარგი თამაში ლუკა გაგნიძეს ევროპაში გადასვლაში დაეხმარება და ძალიან ნიჭიერი ნახევარმცველი კარიერას სწორად წარმართავს.
გასული თვის მიწურულს რუსული „კრილია სოვეტოვის’’ გენერალური დირექტორის მოადგილემ, რუსლან პიმენოვმა რუსულ РБ Спорт-თან ინტერვიუში ლუკა გაგნიძეზე ისაუბრა. ზამთარში გაგნიძე მოსკოვის „დინამოდან’’ იჯარით „კრილია სოვეტოვში’’ გადავიდა, თუმცა მისი პრობლემა არ გადაჭრილა, ისევე როგორც მოსკოვის „დინამოში’’, „კრილია სოვეტოვშიც’’ მცირე სათამაშო დრო აქვს.
პიმენოვი: „ამაზე მეც ვღელავ. უფრო კაცური ფეხბურთი უნდა ითამაშოს. ორთაბრძოლებს, სიხისტესა და დაცვაში თამაშს ვგულისხმობ. ბურთით კარგია, მაგრამ ბრძოლასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს’’.