მორიგი იერიში - არგენტინის დედაქალაქში მესის ქანდაკება დაამტვრიეს!
არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში მდგარი ლეო მესის ქანდაკება ვანდალების მსხვერპლი გახდა.
Ole-ს ცნობით, უცნობმა ბოროტმოქმედებმა "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ათიანის ქანდაკებას მეორედ შეუტიეს და ამჯერად მისი საბოლოოდ დაზიანება შეძლეს.
რამდენიმე თვის წინ, უცნობმა პირებმა ხსენებულ ქანდაკებას სახე დაუზიანეს, დღეს კი მისი ფეხებში გადამტვრევა მოახერხეს.
აღსანიშნავია, რომ მესის ქანდაკება ცნობილი არგენტინელი სპორტსმენების ქანდაკებებთან ერთად იმყოფებოდა, ისეთები როგორებიც არიან ლეგენდარული კალათბურთელი მანუ ჯინობილი, ასევე ლეგენდარული მოტომრბოლელი ხუან მანუელ ფანხიო, ჩოგბურთელი გაბრიელა საბატინი და გილერმო ვილასი.
ვანდალებმა კი მხოლოდ მესის ქანდაკებას მიაყენეს შეურაცხყოფა.
საინტერესო და უცნაურია, რომ არგენტინაში მესის მიმართ ასეთი ფაქტები ხშირად ხდება. ცნობილი ამბავია, რომ ქომაგთა ნაწილი მას ყოველი ვერმოგებული მატჩის შემდეგ უსტვენს და ლანძღავს, თუმცა ამის თქმა გულშემატკივართა მხოლოდ მცირერიცხოვან ნაწილზე შეგვიძლია.