ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„უჩვეულო სტილი, საოცარი ტექნიკური უნარები“ | კვარა The Athletic-ის ყურადღების ცენტრში

ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ, The Athletic-მა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატთან დაკავშირებით, საინტერესო სტატია გამოაქვეყნა. მასში დასახელებულია 50 ფეხბურთელი, რომლებსაც გერმანიაში გასამართ ტურნირზე თვალი უნდა ვადევნოთ და მათ შორისაა საქართველოს ნაკრების გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია.

„სპორტულ სამყაროში საქართველო რაგბით, ჭიდაობითა და ძიუდოთია ცნობილი. მათი საფეხბურთო წარსული, ყოველ შემთხვევაში, ელიტარულ დონეზე, მდიდარი არაა, მაგრამ ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მოყოლებული თავისი ჩრდილოელი მეზობლის, რუსეთის ჩრდილში იმყოფებოდა, პირველ დიდ ტურნირზე იასპარეზებს და ამის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი მიზეზი ნაპოლის ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაა.

2022-23 წლების სეზონში ნაჩვენები მომაჯადოებელი ფეხბურთით, 23 წლის გარემარბმა ნეაპოლის კულტურულ ცნობიერებაში დაიმკვიდრა ადგილი და პარტენოპეის მაისურით 12 გოლი და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა, ლუჩანო სპალეტის გუნდმა კი სკუდეტო 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო. ნეაპოლმა მას, თავის საყვარელ შვილთან, დიეგო მარადონასთან დაკავშირებული მეტსახელი შეარქვა და კვარადონა უწოდა.

ნაპოლის 2023-24 წლების სეზონი ისეთივე შთამბეჭდავი არ ყოფილა და პარტენოპეიმ სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილი დაიკავა, მაგრამ კვარაცხელიამ, ვის ფლანგზე მოთამაშე მცველებსაც სტაბილურობის პრობლემა მთელი სეზონის განმავლობაში ჰქონდათ, მხოლოდ ერთით ნაკლები, 11 გოლი გაიტანა.

რა არის მისი საიდუმლო? კვარაცხელიას თამაში განსხვავდება სხვა მარცხენა გარემარბების თამაშისგან. კვარას ოდნავ დიდი ფიზიკური გაბარიტები და დრიბლინგის უჩვეულო სტილი აქვს, რასაც საოცარი ტექნიკური უნარები ემატება, რომელთა წყალობითაც, მცველებს აიძულებს, დაგვიანებული ან ნაჩქარევი გადაწყვეტილებები მიიღონ. ხვიჩა ორივე ფეხს კარგად იყენებს და საკმარისად სწრაფი და ძლიერია, რომ მცველების შეცდომების შემდეგ ნებისმიერი მიმართულებით წავიდეს.

სერია A-ს გასულ სეზონში, მხოლოდ რაფაელ ლეაუ იყო, ვინც დრიბლინგით მეტოქის საჯარიმოში ბურთი კვარაცხელიაზე მეტჯერ შეიტანა. სამაგიეროდ, კვარას წინააღმდეგ წესები ყველაზე მეტჯერ დაარღვიეს და მეტოქეზე წასვლის შემდეგ, დარტყმის განხორციელების შანსი ხვიჩაზე მეტჯერ არავის შეუქმნია. ევროპის ტოპ 5 ლიგაში, ქართველი ფეხბურთელი მეორე იყო, ვინც ბურთით ყველაზე მეტი მანძილი მოიგო. ის მხოლოდ ჟერემი დოკუს ჩამორჩა.

კვარადონას უცნაური სტილი განაპირობებს იმას, რომ ის მრავალმხრივი შემტევია. მისი დარტყმების 51 პროცენტი, თამაშიდან, თანაგუნდელისგან მიღებულ პასს მოჰყვა, რაც ნიშნავს, რომ იგი გუნდის სისტემაზე დამოკიდებული ფეხბურთელი არაა. მას მხოლოდ ბურთის მიღება ესაჭიროება და შეუძლია, შანსები თავად შექმნას. ნაკრებში, 5-3-2/3-5-2 ტაქტიკაში, მას ნომინალურ თავდამსხმელად ათამაშებენ, მაგრამ უმეტეს წილად, უკან იხევს, რათა გიორგი მიქაუტაძეს დაეხმაროს. დიდი ალბათობით, ევრო 2024-ზე მას მოედანზე თავისუფლად მოქმედების უფლება ექნება.

კვარაცხელიას სახელი ქართულად (მეგრულად), „მოციმციმეს“ ნიშნავს, მაგრამ ეს კვარას საერთოდ არ შეეფერება. ხვიჩა კვარაცხელია არაა ფეხბურთელი, რომელიც ნელ-ნელა იწვის. ისაა ფეხბურთელი, რომელსაც პიროტექნიკის მსგავსი აფეთქებები ახასიათებს“, - წერს ცნობილი გამოცემა.

გეტყვით იმასაც, რომ The Athletic-მა კრიშტიანუ რონალდუზე, რაფაელ ლეაუზე, ჰაკან ჩალჰანოღლუზე, ფლორიან ვირცზე, ჯამალ მუსიალაზე, ტონი კროოსზე, ლუკა მოდრიჩზე, როდრიზე, ჯუდ ბელინგემზე, ბუკაიო საკასა და სხვა ცნობილ ფეხბურთელებზე დაწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პირველი მატჩი უმნიშვნელოვანესია“ | რა თქვეს თურქებმა საქართველოსთან შეხვედრაზე
„პირველი მატჩი უმნიშვნელოვანესია“ | რა თქვეს თურქებმა საქართველოსთან შეხვედრაზე