„კვარას F ჯგუფში ბალანსის შეცვლა შეუძლია“ | Tuttomercatoweb-ის სტატია ჩვენს ნაკრებზე
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება და იტალიურმა გამოცემამ, Tuttomercatoweb-მა საკუთარ მკითხველს საქართველოს ნაკრები გააცნო. Tuttomercatoweb-მა „ჯვაროსნების“ მიერ გავლილ გზაზე დაწერა და მათი მთავარი იმედი დაასახელა.
„ისტორიული დებიუტი დიდ სანაკრებო ტურნირზე. საქართველომ წარმატებას ერთა ლიგის ფორმატისა და იმ თაობის წყალობით მიაღწია, რომელსაც რამდენიმე გამორჩეული ტალანტი ჰყავს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალის გასამართი ადგილი წილისყრით გადაწყდა და ბედის ქალღმერთმა საქართველოს გაუღიმა. ჯვაროსნებმა თავიანთ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში თბილისში ჩაატარეს და საბერძნეთს მოუგეს. საქართველომ ტრადიციულ საკვალიფიკაციო ეტაპზე მეოთხე ადგილი დაიკავა და 8 ქულა დააგროვა. ისინი ტურნირს ხვდებიან განწყობით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მონაწილეობაა.
ვარსკვლავი: რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაა, ვისი შესაძლებლობებიც იტალიას ორი სეზონია აღაფრთოვანებს. ისტორიულ ევროზე, კვარა საქართველოს მამოძრავებელი ძალა იქნება. მისმა არაპროგნოზირებადობამ შესაძლოა, ჯგუფში არსებული ბალანსი შეცვალოს. საქართველოს მეტოქეები ჩეხეთი, პორტუგალია და თურქეთი არიან და ბალანსის შეცვლა მარტივი არ იქნება, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არაა.
ფეხბურთელი, ვისაც თვალი უნდა ვადევნოთ: თბილისში გამართული საღამოს გმირი და ბაკასეტასის პენალტის ამღები გიორგი მამარდაშვილი ორი სეზონია, ვალენსიას ძირითადი მეკარეა. მისი გაფორმება რამდენიმე კლუბს სურს და იგი ბაიერნსაც დაუკავშირეს. სათანადო თანხის გადახდის შემთხვევაში, 2000 წელს დაბადებულმა ფეხბურთელმა შესაძლოა, ადგილსამყოფელი გამოიცვალოს.
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი საფეხბურთო სამყაროსთვის ბაიერნიდან და საფრანგეთის ეროვნული ნაკრებიდანაა ცნობილი. 47 წლის სპეციალისტი საქართველოში 2021 წელს დაინიშნა და საოცარ შედეგებს მიაღწია. მან 33-დან 16 შეხვედრა მოიგო“.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები გერმანიის ქალაქ ველბერტში იმყოფება და მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით ნაწილს გადის. „ჯვაროსნები" ევრო 2024-ის გახსნით მატჩს 18 ივნისს, თურქეთთან გამართავენ.
ფოტო: nakrebi.ge