ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

„კიტეიშვილის ჯადოსნური კვირა“ | რას წერს ავსტრიული გაზეთი ქართველ ფეხბურთელზე

ავსტრიულმა გაზეთმა, Kleine Zeitung-მა „შტურმის“ ლიდერს, ოთარ კიტეიშვილს სტატია მიუძღვნა. „ოთარ კიტეიშვილის ჯადოსნური კვირა მოედანზე და გასახდელში“, - ასეთია მისი სათაური და ავტორი ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე გვესაუბრება.

„ეს „შტურმი“ უკვე ლეგენდარული გუნდია. თუ გრაცელებმა გადამწყვეტი ნაბიჯიც გადადგეს და ჩემპიონები გახდნენ, „შტურმის“ ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს ბევრი ფეხბურთელი დაიკავებს. დიდი შანსია, ერთი ან ორი დეკადის შემდეგ, „შტურმის“ ქომაგებმა ერთმანეთს ამ შეკითხვით მიმართონ: „გახსოვს კიტემ როგორ აღგვაფრთოვანა, როცა ყველაფერი სასწორზე იდო?“ რთული მისახვედრი არაა, რომ საუბარი ოთარ კიტეიშვილს ეხება, ვისაც როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, ჯადოსნური კვირა ჰქონდა.

კიტეიშვილის ემოციურმა მონოლოგმა, რომლითაც მან თასის ფინალში, 0:1 წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, გასახდელში თანაგუნდელებს მიმართა, „შტურმის“ ისტორიის ახალი თავი უკვე დაწერა და გუნდს ტიტული მოუტანა. ამას მოჰყვა „ჰარტბერგთან“ გატანილი გოლი, რომელიც არანაკლები მნიშვნელობის გახლდათ. „შტურმის“ დირექტორის, ანდრეას შიკერის თქმით, ესაა ის, რაც რთული სიტუაციებისას გუნდის ლიდერისგანაა მოსალოდნელი და როგორც სხვა ყველაფერს ცხოვრებაში, სამოტივაციო მონოლოგსაც მომენტის იდეალურად შერჩევა სჭირდება.

დარჩება კიტე თუ წავა? ამაზე გრაცელთა ქომაგები დიდი ხანია მსჯელობენ. ოთარს კონტრაქტი ეწურება და საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. შიკერი ამბობს, რომ გუნდი მის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს, თავად კიტეიშვილი კი მხოლოდ ერთ რამეზეა ორიენტირებული და ჩემპიონობის მოპოვება სურს“, - წერს ავსტრიული გაზეთი.

ცნობისთვის, ავსტრიის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი და „შტურმი“ მეორეადგილოსან „ზალცბურგს“ 4 ქულით უსწრებს. გრაცელები მომდევნო შეხვედრას 12 მაისს გამართავენ და სტუმრად „ლასკს“ დაუპირისპირდებიან. გეტყვით იმასაც, რომ ავსტრიის თასის ფინალში, კიტეიშვილმა საგოლე გადაცემა მიითვალა და მისი პასით ანგარიში 2:1 გახდა, „ჰარტბერგს“ კი ქულის გადამრჩენელი გოლი გაუტანა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიური გამოცემა ლა ლიგას აკრიტიკებს | მიზეზი მამარდაშვილს უკავშირდება
ვალენსიური გამოცემა ლა ლიგას აკრიტიკებს | მიზეზი მამარდაშვილს უკავშირდება