დინამო ბათუმი, გორის დილა
Aa
Aa

ორი წითელი და ნულოვანი ფრე | დილამ და დინამო ბათუმმა ქულები გაიყვეს

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურის ცენტრალური შეხვედრა გორში გაიმართა, სადაც თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „დილა“ „დინამო ბათუმს“ დაუპირისპირდა. მატჩი უაღრესად დაძაბული გამოდგა და გატანილი გოლის გარეშე დასრულდა - 0:0.

სასტარტო ნიშნულამდე, Crystalsport-მა მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა და „დილას“ ნახევარმცველი, ტაირელ ვაუტერი გამოარჩია. ნიდერლანდელმა მოთამაშემ სიმბოლური ჯილდო და 5000 ლარის ოდენობის ფულადი პრემია მიიღო.

„დილამ“ შეხვედრა კარგად დაიწყო და მე-5 წუთზე, როინ კვასხვაძეს საქმეში ჩართვა მოუწია. „დინამო ბათუმის“ მეკარე დამაჯერებელი იყო და საკუთარი გუნდი გადაარჩინა. ამ მომენტიდან რამდენიმე წამის შემდეგ, შანსი ალექსანდრე ანდრონიკაშვილს ჰქონდა, მაგრამ გორელთა მოთამაშის დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა.

პირველი ტაიმის მე-18 წუთზე მოედანზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ფეხბურთელებს შორის შელაპარაკება მოხდა და შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, გიორგი ავაზაშვილმა ვახტანგ ბოჭორიშვილსა და ლევან კუტალიას წითელი ბარათები უჩვენა. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.

მეორე ტაიმში, „დილამ“ კარგი კონტრშეტევა განავითარა და ივან ლიტვინენკო ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. უკრაინელმა დაარტყა, მაგრამ კვასხვაძე კვლავინდებურად მოწოდების სიმაღლეზე იყო. მატჩის ბოლო წუთებში თამაშის ტემპი დაეცა და ლოგიკური ფრე მივიღეთ.

ამრიგად, 8 ტურის შემდეგ, „დინამო ბათუმს“ 19 ქულა აქვს და „იბერია 1999“-თან ერთად, სატურნირო ცხრილის ლიდერია. „დილას“ ანგარიშზე“ 17 ქულაა და გორელები მე-3 პოზიციას იკავებენ. „დილას“ მომდევნო მეტოქე „კოლხეთი 1913“-ია, „დინამო ბათუმი“ „სამტრედიას“ დაუპირისპირდება.

ფოტო: დინამო ბათუმის ფეისბუქ გვერდი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სიბნელეში სინათლე იყო“ | რას ამბობენ იტალიაში კვარაზე
„სიბნელეში სინათლე იყო“ | რას ამბობენ იტალიაში კვარაზე