ნიკა კვეკვესკირი, პოზნანის ლეხი
Aa
Aa

ფიქრი მტანჯავდა, ჩემი ცხოვრების საშინელი შეცდომა იყო - კვეკვე 2021 წლის ინციდენტზე

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პოზნანის „ლეხის’’ ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ცნობილ პოლონურ გამოცემა Weszlo-სთან 2021 წელს მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, როცა ავტომობილის მართვისას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო და ორი მანქანა დააზიანა. 

„ამ თემაზე საუბრის პრობლემა არ მაქვს, ეს საშინელი შეცდომა იყო, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ალკოჰოლის ინციდენტმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. მენტალურად თავს ცუდად ვგრძნობდი. ყველა, ვინც კარგად მიცნობს, გაოცებული იყო.

როგორც მამას ხელი მომეცარა, შვილებს ძალიან ცუდი მაგალითი მივეცი. მტანჯავდა ფიქრის იმის შესახებ, რომ შესაძლოა ჩემს გოგოებს ერთ დღეს გაეგოთ თუ რა გააკეთა მათმა მამამ. ვინმეს ჩემს გამო რამე რომ მოსვლოდა, ჩემს შვილებს თვალებში ვერ ჩავხედავდი. ამ ფაქტის გამო გასახდელში ყველას ბოდიში მოვუხადე. უფრო მეტად ფოკუსირებული ახალგაზრდებზე ვიყავი, მათზე უფროსი ვარ და მათთვის სამაგალითო უნდა ვყოფილიყავი როგორც მინდორზე, ასევე მინდორს მიღმა.  პასუხისმგებლობა უფრო მეტად გამოცდილ ფეხბურთელებს ეკისრებათ.

ამ ფაქტმა ჩემს თამაშზე გავლენა მოახდინა. ყველამ იცოდა და ყველა იგებდა ამ ამბავს ჩემს შესახებ. ჩემმა საყვარელმა ადამიანებმა იციან თუ რამდენად არ ვსვამ ალკოჰოლს, თუმცა სამწუხაროდ ვიცი, რომ სხვა ადამიანებისთვის შესაძლოა ალკოჰოლიკი ვიყო. ეს იყო შედეგი, რომელიც მე მივიღე.  

მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ინციდენტი, რომელიც არ გამოხატავს ჩემს პიროვნებას. ეს იყო  ერთი შეცდომა, რომელიც არ უნდა მომხდარიყო. ამ ფაქტმა შემცვალა. მას შემდეგ მინდორზე გატარებულ დროს უფრო მეტად ვაფასებ, რადგან ამ ფაქტს შესაძლოა ჩემი კარიერა გაენადგურებინა. ასევე, ახლა უფრო მეტად ვზრუნავ საკუთარ თავზე, რომ ტრავმები ავირიდო. ზოგადად, ჩემი ცხოვრების მიმართ ახლა უფრო ყურადღებიანი ვარ და კარგად ვფიქრობ ვიდრე რამეს გავაკეთებ.

რა თქმა უნდა ერთი მხრივ ვნანობ რაც მოხდა, თუმცა მეორე მხრივ ამ ინციდენტმა ბევრი რამ მასწავლა და დამეხმარა, რომ უკეთესი პიროვნება გავმხდარიყავი’’.

შეგახსენებთ, ნიკა კვეკვესკირი 2021 წლის ზამთრიდან პოზნანის „ლეხის'' ფეხბურთელია, 111 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 6 საგოლე პასი შეასრულა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი „ლეხთან'' ერთად 2021-22 წლების სეზონში პოლონეთის ჩემპიონი გახდა. მიმდინარე სეზონში პოლონეთის ჩემპიონატის 11 მატჩში 1 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები