მაურო მელუზო, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

რა მოხდება ნაპოლიში? - მაცარი ჟურნალისტებთან არ გამოცხადდა

სერია A-ს მე-19 ტურში, „ტორინოსთან“ 3:0 მარცხის შემდეგ, „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი, ვალტერ მაცარი ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე არ გასულა. ადგილობრივი სააგენტო DAZN-ის ცნობით, იტალიელ სპეციალისტს ფეხბურთელებთან გასახდელში დაპირისპირება ჰქონდა, რის გამოც დამატებითი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

მის მაგივრად მედიის წარმომადგენლებთან კლუბის სპორტული დირექტორი, მაურო მელუზო გამოვიდა, რომელმაც გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ხვალ გუნდის სპორტული საბჭო შეიკრიბება და კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის ვარიანტებზე იმსჯელებს.

რა თქვა მელუზომ:

ველოდით, რომ როდესაც მწვრთნელი ტრიბუნიდან ჩამოვიდოდა, პრესკონფერენციაზე გამოვიდოდა, თუმცა, როდესაც ჩამოვიდა მცირე საუბარი გვქონდა და შემდეგ გუნდთან სალაპარაკოდ წავედით. ამ მატჩის გამო გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი. ძალიან ვწუხვართ შექმნილი მდგომარეობის გამო, გუნდი ამოუცნობია და გვინდა, რომ კორექტივები რაც შეიძლება სწრაფად შევიტანოთ, სტიმული შემოვიტანოთ და ნორმალურ მდგომარეობას დავუბრუნდეთ. ძალიან დაგვაკლდა ის მოთამაშეები, რომლებიც აფრიკის თასზე წავიდნენ, დარჩენილი ფეხბურთელების უმრავლესობას კი დღეს საუკეთესოდ არ უთამაშია. ხვალ სპორტულ ცენტრში შევიკრიბებით და შექმნილ მდგომარეობას შევაფასებთ. ასევე, ვიმსჯელებთ, რა უნდა გაკეთდეს, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ. გადადგება თუ არა მაცარი? მწვრთნელი სარგებლობს ჩემი, კლუბისა და გუნდის უდიდესი ნდობით. ამ საკითხზე საუბარს არანაირი აზრი არ აქვს.

შარშანდელთან შედარებით, შესრულების თვალსაზრისით ძალიან შორს ვართ, ეს ყველასთვის გასაგებია. თავის გამართლების დრო არ არის. ყველა მოთამაშემ, რომელიც „ნაპოლიში“ თამაშობს, უნდა ეცადონ, რომ ნებისმიერი დეფექტი ადეკვატურად აანაზღაუროს. არავის სურს დამალვა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ამ ისედაც ნეგატიურ პერიოდს სხვა ნეგატივებიც დაემატება.

„ტორინოსთან“ მარცხის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-9 პოზიციაზე დაქვეითდა. ვალტერ მაცარის გუნდი მომდევნო შეხვედრას 13 იანვარს, საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისგან მხოლოდ მოგონება დარჩა“ - როგორ აფასებს იტალიური მედია კვარას და საზონოვის თამაშს
„მისგან მხოლოდ მოგონება დარჩა“ - როგორ აფასებს იტალიური მედია კვარას და საზონოვის თამაშს