ვალტერ მაცარი
Aa
Aa

„ქართული სახელები? იტალიურებსაც საშინლად ვიძახი“ - მაცარი ბრაგასთან მატჩამდე

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ბრაგას“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე 1 დღით ადრე, ნეაპოლური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა მაცარიმ:

ხვალინდელ შეხვედრაში, პირველ რიგში აუცილებელია, რომ განვლილი პერიოდი, რაც გვქონდა მოედანზე სრულყოფილად გადმოვიტანოთ. ჩემი პირველი მატჩიდან მოყოლებული ვფიქრობ, რომ გუნდი დღითიდღე გაუმჯობესდა, ფეხბურთს ვთამაშობთ, მაგრამ გვაკლია ბალანსი, წონასწორობა უნდა ვიპოვოთ. არ უნდა გავუშვათ ისეთი გოლი, როგორც წინა მატჩებში, შარშან კი ასე საერთოდ არ ხდებოდა. მსურს დავინახო უფრო ყურადღებიანი, კომპაქტური დაცვის ხაზი, რომელიც იმედი მაქვს, გაუმჯობესდა, წინა თამაშებში ესეც გვაკლდა. გუნდი პირველივე შეცდომის დროს გოლს უშვებს, ხვალ კი მეტ სიმყარეს ველოდები. მინდა ისეთი ფეხბურთი ვითამაშოთ, როგორიც თუნდაც „იუვენტუსთან“, ან „ინტერთან“ პირველი ტაიმი იყო, რომელიც ჩემი აზრით ცუდი არ ყოფილა. უნდა ვაჩვენოთ, რომ მტკიცე ხასიათი გვაქვს და არაფერს ვთმობთ, დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება.

აქ დაბრუნების დროს გადაწყვეტილი იყო, რომ 4 მცველით ვითამაშებდი. გუნდში ამ პოზიციებზე იდეალური მოთამაშეები გვყავს, მაგრამ მაინც 3-მცველიან ტაქტიკაზე მეკითხებით... ნათანი მარცხენა ფლანგზე რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს, ველოდები, რომ უფრო მეტს გააკეთებს. ამ პოზიციაზე თამაშის გამოცდილება აქვს და ვიცი, რომ ბრაზილიაში ხშირად თამაშობდა. ამ პოზიციაზე თამაში ძანიოლისაც შეუძლია, მაგრამ ტრავმის გამო შეზღუდული სათამაშო დრო აქვს. მთავარია, კომპაქტურები ვიყოთ. მარჯვენა ფლანგზე შესანიშნავად ვთამაშობთ, მაგრამ ამან მარცხენა ფლანგი არ უნდა შეაშინოს.

ქართველების სახელები? იტალიურ სახელებსაც საშინლად ვიძახი.

მათ, ვინც ჩემპიონატი მოიგეს, ან გათამაშება მოწინავე პოზიციაზე დაასრულეს, ყოველთვის საუკეთესო დაცვა ჰყავდათ. ამ მომენტში, რასაც ვუყურებ, ვხედავ, რომ მეტი სიმყარე გვჭირდება. როდესაც კარის წინ შანსებს ვქმნით, უნდა გამოვიყენოთ. მთავარია შექმნა, ადრე თუ გვიან კი გოლების გატანას აუცილებლად დავიწყებთ.

„იუვესთან“ კარისკენ 7-ჯერ დავარტყით. როცა დრო მექნება, მინდა გუნდი დარტყმებში ვავარჯიშო, რადგან ბოლო დროს აშკარად ცუდად ვისვრით. თუ შეხედავთ „ინტერთან“ თამაშს, ნახავთ, რომ მეტოქეს განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია და ანგარიში შორეული დარტყმით გახსნა. როდესაც მჭიდროდ შეკრულ დაცვას ეთამაშები, მნიშვნელოვანია, რომ გოლის გატანა შორიდანაც შეგეძლოს. ამაზე აუცილებლად ვიმუშავებთ.

არავითარი შიშის ფაქტორი არ არსებობს, უბრალოდ სიმშვიდე გვაკლია. როდესაც ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვინდა, გუნდი ამას მტკივნეულად განიცდის. როდესაც იგებ, პირიქით ხდება. აუცილებელია, რომ ხვალინდელ შეხვედრაში გავიმარჯვოთ, რადგან ეს თვითრწმენისთვისაც მნიშვნელოვანია. სიმშვიდე მაშინ მოდის, როდესაც თავს ძლიერად გრძნობ. ამას მაშინაც კი ვგრძნობდი, როდესაც ფეხბურთელი ვიყავი. მინდა, რომ ხვალ კარგები და სოლიდურები ვიყოთ, კომბინირებულები და დაცვაში შეცდომების გარეშე. მეტოქე კონტრშეტევაზე ძლიერია და შეცდომები არ უნდა დავუშვათ. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მთავარი მიზანი გამარჯვება იქნება, თუნდაც, გოლის გაშვების გარეშე. ყველაზე მეტად ეს მინდა.

შეგახსენებთ, რომ პლეი-ოფში გასასვლელად „ნაპოლის“ მოგებასთან ერთად ფრე, ან მინიმალური სხვაობით წაგებაც აწყობს. შეხვედრა საქართველოს დროით 23:55 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პენალტის დანიშვნა შეეძლო - ბერგონცი კვარა-კამბიასოს ეპიზოდზე
პენალტის დანიშვნა შეეძლო - ბერგონცი კვარა-კამბიასოს ეპიზოდზე