რამაზ სვანაძე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, გაბრიელ სიგუა, გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

კვერნაძის შანსები და გამოუყენებელი მომენტები - უგოლო მატჩი შვედეთთან (U21)

ევროპის 21-ჩემპიონატის მორიგ ტურში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბათუმში შვედეთთან 0:0 ითამაშა. გოლის გატანის უფრო მეტი რეალური შანსი რამაზ სვანაძის გუნდს ჰქონდა, თუმცა უპირატესობა შედეგში არ ასახულა. შვედეთის 21-წლამდე ნაკრების მეკარის, ოლივერ დოვინის აქტივში 10 „სეივია’’, ლუკა ხარატიშვილის ანგარიშზე - 2. ამ სტატისტიკიდანაც კარგად ჩანს, რომ რამაზ სვანაძის გუნდს გოლის გატანის მეტი შანსი ჰქონდა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში ხან ქართველი შემტევები ცდებოდნენ, ხან დოვინი თამაშობდა ბრწყინვალედ.

ნიდერლანდებთან გამართული მატჩისგან განსხვავებით რამაზ სვანაძის გუნდი ბურთს გაცილებით უფრო ხშირად აკონტროლებდა, რაზეც გავლენა რამდენიმე ფაქტმა მოახდინა, უპირველესად იმან, რომ ნიდერლანდები შვედეთზე გაცილებით ძლიერი ნაკრებია, შვედები ხშირად ცდებოდნენ, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ეს შესაძლებლობები საკმარისად ვერ გამოიყენა, გოლი არ გაუტანია. პლუს, ეროვნული ნაკრებიდან გაბრიელ სიგუას დამატებამ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს დომინირების რესურსი მნიშვნელოვნად გაუზარდა, სიგუა საჯარიმოდან საჯარიმომდე მოთამაშე ნახევარმცველია, რომელიც ბურთის ართმევასა და შეტევების განვითარებაში აქტიურად მონაწილეობდა.

გარდა ამისა, რამაზ სვანაძის გუნდი ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს აჩვენებდა. რა თქმა უნდა ამ კუთხითაც იყო შეცდომები, თუმცა მეტწილად ფეხბურთელები სათამაშო დისციპლინას კარგად იცავდნენ. ის ფაქტიც, რომ შვედეთის ნაკრებს რეალური საგოლე მომენტის შექმნა ძალიან უჭირდა, გუნდის სიძლიერეს ხაზს უსვამს. გარდა ამისა, გაბრიელ სიგუასთან ერთად ლუკა გაგნიძემ და ნოდარ ლომინაძემ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, რამაც საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებს მოედნის ცენტრში ბურთის მოპოვება და შენარჩუნება გაუადვილა, თუმცა ეს უფრო მეტად პირველ ტაიმზე ითქმის, შესვენების შემდეგ შვედებმა თამაშის ხარისხი გააუმჯობესეს.

მატჩის გამორჩეული მომენტები

გიორგი კვერნაძემ მეტოქის მცველების წინააღმდეგ თამაშისას კვლავ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა როგორც მოლდოვასთან და ნიდერლანდებთან, ასევე შვედეთთან მატჩში გოლის გატანის რეალური შანსები ვერ გამოიყენა. აშკარაა რომ „ფროზინონეს'' შემტევი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მეტოქის მცველებთან ერთი-ერთზე თამაშისას ერთ-ერთი საუკეთესოა, კარგი დრიბლინგი აქვს, თუმცა დამარგვიგვინებელ ფაზაში უნდა მოუმატოს, მიმდინარე შესარჩევ ციკლში რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, რაც უიღბლობით არ აიხსნება, ეს კომპონენტი უნდა დახვეწოს. გარდა ამისა, კვერნაძესთან დაკავშირებით ერთ მომენტზე ხაზგასმით უნდა ითქვას, როცა 81-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევისას მეტოქის ნახევარზე რიცხვობრივი უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ.

მატჩის შემდეგ რამაზ სვანაძემ კვერნაძესთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა:არ გვითქვამს, მაგრამ დღეს, გიორგი კვერნაძის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, რადგან ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მოედანზე გამოვიდა და მაქსიმალურად დაიხარჯა''.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა შვედეთთან შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ხარატიშვილი, მამაცაშვილი, ხვადაგიანი, გოგლიჩიძე, მაისურაძე, ოდიშარია (გიზი მამაგეიშვილი 65), ოთარ მამაგეიშვილი, ლომინაძე, გაგნიძე, სიგუა, კვერნაძე (აბუაშვილი 85)

მატჩის შემდეგ მედიასთან გაბრიელ სიგუამ და საბა გოგლიჩიძემ ისაუბრეს.

საქართველომ და შვედეთმა საწყის 4 ტურში 7-7 ქულა დააგროვეს, ლიდერ ნიდერლანდებს 5 ქულით ჩამორჩებიან. რამაზ სვანაძის გუნდი შემდეგ მატჩს ჩრდილოეთ მაკედონიასთან სტუმრად გამართავს (16 ნოემბერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები