ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

„ეს კარგი გაკვეთილი იყო“ - რა ითქვა მესხზე

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა საერთაშორისო ამხანაგური მატჩი, ტაილანდის წინააღმდეგ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართა და პირველი ტაიმი ანგარიშით - 6-0 მოიგო, მეორე ნახევარში 2 ბურთი კიდევ გაიტანა და საბოლოოდ, შეხვედრა ანგარიშით - 8-0 დაასრულა, რითაც რეკორდული ანგარიში დააფიქსირა. აქამდე, ჩვენს გუნდს ყველაზე დიდი გამარჯვება 1997 წლის 30 მარტს, სომხეთის წინააღმდეგ ჰქონდა -7-0.

საინტერესოა, რომ აქამდე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთ ტაიმში 6 გოლი არასოდეს გაუტანია, გიორგი მიქაუტაძის პოკერი  საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველია, რეკორდული, მე-8 გოლის ავტორი კი ხვიჩა კვარაცხელიაა.

 

მატჩის დასრულების შემდეგ, მთავარი მწვრთნელების ტრადიციული, მატჩისშემდგომი პრესკონფერენციები შედგა.

ვილი სანიოლი (საქართველოს ეროვნული ნაკრები)

მიხარია, რომ ამდენი გოლი გავიტანეთ. სიმართლე კი ისაა, რომ კიდევ მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო.  დავალებებს სწორად და პროფესიონალურად მივუდექით.

რაც შეეხება მიქაუტაძეს, გიორგის სიტუაცია ამჟამად რთულია, მაგრამ მე ვფიქრობ, ფეხბურთელი გამოწვევებს არ უნდა გაურბოდეს. იმედია, აიქსში დარჩება და  ძლიერ გუნდში თამაშს გამოცდილებად აქცევს, მან საკუთარი შესაძლებლობები ბევრჯერ დაამტკიცა და თუ  შრომას გააგრძელებს, აიაქსში თავის შანსს აუცილებლად მიიღებს.

როგორც მიქაუტაძე, საკლუბო დონეზე ბევრ სათამაშო დროს ვერც ბუდუ იღებს, თუმცა  მათი დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ, მიქაუტაძემ გამორჩეულად გამორჩეულად კარგი შეხვედრა ჩაატარა. კვიპროსის წინააღმდეგ ერთ-ერთი მათგანი ითამაშებს, მაგრამ არჩევანს ვისზე შევაჩერებ, ჯერ არ ვიცი.

გუშინ, დაგეგმილი მქონდა, რომ სიგუა მატჩს სასტარტოდან დაიწყებდა და 45 წუთს ითამაშებდა, თუმცა ბოლო ვარჯიშზე კმაყოფილი არ ვიყავი და გეგმები შემეცვალა. ის ახალგაზრდა და გამორჩეული ფეხბურთელია. მას კიდევ ბევრი დრო აქვს იმისთვის, რომ ისწავლოს და ჩვენს ტაქტიკურ სქემაში ჩაერთოს. ვიცი, რომ მალე მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გახდება. სიგუას განვითარებას სიფრთხილით უნდა მივუდგეთ. მისი დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ.

მატჩის წინაც ვისაუბრე, რომ სხვა ქვეყნებში ფიზიკური მომზადება ბევრად მაღალ დონეზეა. მაგალითები სანდრო ალთუნაშვილი და გიორგი ჩაკვატაძე არიან. ისინი ბოლო თვეებში სწრაფად განვითარდნენ და მათი თამაშის ხარისხიც გაუმჯობესდა. 20 წლის წინ, როცა მე თვითონ ვთამაშობდი, ფეხბურთი ისეთი თამაში არ იყო, როგორც დღეს. მეტი შრომაა საჭირო.

ალექსანდრე პოეკინი (ტაილანდის ეროვნული ნაკრები)

ჩემი ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ, ასეთ ნეგატიურ შედეგს არ მოველოდით,  რადგან გვეგონა, რომ უკეთესად შეგვეძლო თამაში.

დავამატებდი, რომ ეს ჩვენთვის მტკივნეული, მაგრამ მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. ფეხბურთელებმა გაიგეს, რომ როცა ისეთ ძლიერ ნაკრებს ეთამაშები, როგორიც საქართველოა, ყველა შეცდომა ისჯება.  ბურთის ყველა დაკარგვა კონტრშეტევით და საგოლე მომენტით დასრულდა. ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იქნება, საქართველოს კი მომდევნო მეტოქესთან წარმატებას ვუსურვებთ.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ოქტომბერში ოფიციალური მატჩი აქვს დაგეგმილი. ჩვენი ნაკრები 15 ოქტომბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას, კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს. მატჩს კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, 17:00 საათიდან უმასპინძლებს. ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT-ზე, პირდაპირი რეპორტაჟი კი დაგეგმილი საქართველოს პირველ არხზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები