საქართველოს ნაკრები
Aa
Aa

„საქართველო ძლიერი გუნდია და კარგი გამოცდა გველის“ - ტაილანდის მწვრთნელი

ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ტაილანდის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

შეხვედრის დაწყებამდე 1 დღით ადრე, სტუმართა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრე პოეკინმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა პოეკინმა:

ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და მადლობა მოწვევისთვის. ვიცით, რომ საქართველოში ფეხბურთი ტრადიციული სპორტია. ჩვენს მეტოქეს ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს. დიდი ხანი გერმანიაში ვცხოვრობდი და ბევრი ქართველი ფეხბურთელის თამაში ცოცხლად მაქვს ნანახი, მათ შორის ლევან კობიაშვილის. ხვალ ძლიერ ნაკრებთან გველის კიდევ ერთი გამოცდა. კიდევ ერთი ვარჯიში გვაქვს და იმედი მაქვს კარგად მოვემზადებით.

11 წელია ტაილანდში ვცხოვრობ და ამ პერიოდში ტაილანდური ფეხბურთი სწრაფად განვითარდა. ამ ქვეყანაში ფეხბურთი სწორ გზაზეა, გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ტექნიკურები და თავდაჯერებულები არიან. აზიაში ბევრ ნაკრებთან კარგად ვითამაშეთ. ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ვიმყოფებით და მზად ვართ ევროპულ ნაკრებებთანაც კარგად ვითამაშოთ. ჩვენი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია, ამაზე ბევრი ქვეყანა ოცნებობს, ასევე საქართველოც.

კვარაცხელია? მისი სახელი და გვარი რთულად წარმოსათქმელია, მაგრამ შთამბეჭდავი ფეხბურთელია. მისი შედარება ბრაზილიელ ფეხბურთელებთანაც შეიძლება. თავისი ტექნიკით ნეიმარსაც შევადარებდი. ნაპოლიში მას ძალიან კარგი მიღწევები ჰქონდა. იტალიის ჩემპიონი გახდა და სეზონის ფეხბურთელადაც დასახელდა. ჩვენთვის ასეთი ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში დიდი გამოცდილება იქნება, ჩვენი მცველები მის წინააღმდეგ ბევრს ისწავლიან.

ჩვენს თამაშის დროს, ბევრი რამ მეტოქეზეა დამოკიდებული. ზოგადად, მკაფიო სათამაშო გეგმა გვაქვს, შემტევი ფეხბურთის თამაშსა და პრესინგს ვცდილობთ, მაგრამ ეს დიდწილად მეტოქეზეც არის დამოკიდებული. ვფიქრობ, ამხანაგური შეხვედრის დანიშნულება არა შედეგი, არამედ პერფორმანსია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ტაილანდის ნაკრებებს შორის ამხანაგური შეხვედრა 12 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტები | ქართველი ფეხბურთელი The Guardian-ის რჩეულთა შორის
მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტები | ქართველი ფეხბურთელი The Guardian-ის რჩეულთა შორის