ინდივიდუალურად ვარჯიშობს - კაკაბაძე ტაილანდთან და კვიპროსთან არ იქნება
პოლონური „კრაკოვიას’’ მთავარი მწვრთნელის, იაცეკ ზელინსკის განცხადებით ოთარ კაკაბაძე მინდორს ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება. ამ ეტაპზე ოთარ კაკაბაძე და მატიას რასმუსენი ინდივიდუალურად ემზადებიან, მათი დაბრუნება ოქტომბერშია მოსალოდნელი.
მიმდინარე თვის დასაწყისში CrystalSport-ი იუწყებოდა, რომ კაკაბაძემ გუნდთან ერთად ვარჯიშის დაწყება რამდენჯერმე სცადა, თუმცა ყველა ცდაზე აქილევსის ქუსლმა შეაწუხა. ზელინსკის განცხადებიდან გამომდინარე კაკაბაძე ოქტომბრის სანაკრებო შეხვედრებსაც გამოტოვებს.
მოგვიანებით CrystalSport-მა ინფორმაცია ფეხბურთელთან გადაამოწმა, დიდი ალბათობით კაკაბაძე მოედანზე ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება.
ტრავმის გამო კაკაბაძემ მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საერთო ჯამში მინდორზე 36 წუთი გაატარა. 28 წლის მარჯვენა მცველს 11 აგვისტოს შემდეგ არ უთამაშია.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ტაილანდს მიიღებს (12 ოქტომბერი), შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კვიპროსს უმასპინძლებს (15 ოქტომბერი).
ფოტო: Nakrebi.ge