შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატმა რონალდუსა და მესის გარეშე ჩაიაროს
Aa
Aa

შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატმა რონალდუსა და მესის გარეშე ჩაიაროს

რუსეთში გასამართი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, შესაძლოა ფეხბურთის ორი მონსტრის ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდუს გარეშე ჩატარდეს.

რა მდგომარეობაში არიან არგენტინისა და პორტუგალიის ნაკრებები? "ალბისელესტემ" საკუთარ მოედანზე პერუსთან ნათამაშები 0-0-ის შემდეგ, თავი რთულ მდგომარეობაში ჩაიგდო. თუ, ხორხე სამპაოლის გუნდი ბოლო ტურში ეკვადორს ვერ დაამარცხებს, 99%-ით არგენტინა მუნდიალს მიღმა დარჩება.

რა თქმა უნდა, ეკვადორთან სტუმრად თამაში ურთულესია, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ მათ უკვე დაკარგეს რუსეთში მოხვედრის შანსი, რაც არგენტინელებს საქმეს უმარტივებს.

მოგების შემთხვევაში მესი და კომპანია მინიმუმ პლეი-ოფის საგზურს ინაღდებს, რომელსაც ისინი მარტივად გადალახავენ. სამხრეთ ამერიკის ზონაში მე-5 ადგილოსანი, ოკეანიის ზონის გამარჯვებულს ხვდება, რომელიც ფაქტიურად ყოველთვის ახალი ზელანდიის ნაკრებია.

რაც შეეხება პორტუგალიას. ევროპის მოქმედ ჩემპიონს 24 ქულა აქვს და პლეი-ოფის საგზური უკვე დიდი ხანია გაინაღდა. ბოლო ტურში კი ისინი ლიდერ შვეიცარიას უმასპინძლებენ, რომლებსაც 27 ქულა აქვთ. 

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ურთიერთშეხვედრებს უპირატესობა არ ენიჭება. ამ შემთხვევაში მთავარი ბურთების ბალანსია, რომელშიც პორტუგალიელები ლიდერობენ. თუ, ისინი შვეიცარიელებს დაამარცხებენ, პირველ ადგილს გაინაღდებენ და რუსეთის საგზურს პირდაპირ მოიპოვებენ.

მეორე ადგილზე გასვლა და პლეი-ოფში თამაში დიდი რისკია. ამჟამინდელი მდგომარეობით, მეორეადგილოსან ნაკრებთა შორის ბევრი ძლიერი გუნდია და რა თქმა უნდა, მათ წინააღმდეგ პორტუგალიას გარანტირებული არაფერი ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები