გია გეგუჩაძე, ბათუმის დინამო, არჩილ ბერიძე
Aa
Aa

„გუნდის შენება ერთად, ნულიდან დავიწყეთ“ - არჩილ ბერიძე გეგუჩაძეს დაემშვიდობა

გია გეგუჩაძემ ბათუმის „დინამო“ ოფიციალურად დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმურმა კლუბმა სოციალურ ქსელში დაადასტურა. დღეს, „დინამოს“ Facebook-გვერდზე კლუბის პრეზიდენტის, არჩილ ბერიძის წერილი გავრცელდა, რომელშიც ის გია გეგუჩაძეს ემშვიდობება და გუნდში გაწეული სამუშაოს გამო მადლობას უხდის.

რას ამბობს ბერიძე:

მსურს მადლიერება გამოვთქვა ბატონი გია გეგუჩაძის მიმართ, რომელმაც დინამო ბათუმის თანამედროვე ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. ასევე მადლობას ვუხდი სამწვრთნელო შტაბის წევრებს: დავით ჯანელიძეს, ზურაბ მამალაძეს და დავით კევლიშვილს დაუღალავი შრომისთვის და წლების მანძილზე გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის.

ჩვენ ერთად ფაქტობრივად ნულიდან დავიწყეთ გუნდის შენება. ერთად გავიარეთ ყველა ის ეტაპი, რომელმაც დინამო ბათუმი დღეს ამბიციურ გუნდად აქცია. რა თქმა უნდა, რთული იყო გზა ეროვნული ლიგა 2-დან ქვეყნის ჩემპიონობამდე, თუმცა ფეხბურთში ასე ხდება - წარმატებას ხშირად ახლავს იმედგაცრუება. მთავარია არ დანებდე და წამოდგომა მოახერხო, ჩვენ კი ეს გიასთან ერთად არაერთხელ შევძელით. მე, არჩილ ბერიძე, მადლობას ვუხდი გია გეგუჩაძეს, ამ შემთხვევაში არა მხოლოდ როგორც კლუბის პრეზიდენტი, არამედ როგორც დინამო ბათუმის ერთ-ერთი რიგითი გულშემატკივარი, რომ ჩვენი კლუბის ისტორიაში, პირველი საჩემპიონო ვარსკვლავის ანთებაში დაგვეხმარა. ეს ტიტული გუნდის თითოეული ქომაგის სანუკვარი ოცნება იყო და საჩემპიონო ემოციები. არასდროს დაგვავიწყდება.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქალაქის გუნდს სამომავლოდ უფრო დიდი წარმატებები ელოდება, თუმცა გია გეგუჩაძის მიღწევები, განსაკუთრებული ამბავი იქნება ჩვენი გუნდის საუკუნოვანი ისტორიიდან. წარმატებებს ვუსურვებ მას პროფესიულ საქმიანობაში და მადლობა კიდევ ერთხელ გაწეული სამუშაოსთვის.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, არჩილ ბერიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას დაადასტურა, რომ კლუბი გია გეგუჩაძის შემცვლელად გორის „დილას“ მთავარ მწვრთნელს, ანდრეი დემჩენკოს განიხილავს. ამასთან დაკავშირებით, უკრაინელ სპეციალისტთან კონტაქტიც შედგა და ახლა ბათუმური კლუბი პასუხის მოლოდინის რეჟიმშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას მინიმუმ 6 მილიონი ევრო უნდა | ხვიჩას მოთხოვნის ახალი დეტალები
კვარას მინიმუმ 6 მილიონი ევრო უნდა | ხვიჩას მოთხოვნის ახალი დეტალები