ლიონელ მესი
Aa
Aa

ორი გოლი, მაგარი ჯარიმა | მესის მორიგი ბრწყინვალე მატჩი ინტერ მაიამიში

ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ ლიგების თასის მეოთხედფინალში გავიდა. მერვედფინალში, არგენტინელი სუპერვარსკვლავის გუნდის მეტოქე „დალასი“ გახლდათ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 4:4 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ფლორიდელებმა იმარჯვეს.

შეხვედრაში ანგარიში „ლა პულგამ“ გახსნა. მე-6 წუთზე, მესიმ ჟორდი ალბას გადაცემით ისარგებლა და „ინტერ მაიამი“ დააწინაურა. 37-ე და 45-ე წუთებზე, „დალასმა“ თითო-თითო გოლი შეაგდო და პირველი ტაიმი 2:1 მოიგო.

63-ე წუთზე, „დალასის“ უპირატესობა 2-ბურთიანი გახდა, თუმცა მალევე, ალბამ მეორე საგოლე გადაცემა მიითვალა და კრემასკის გაატანინა. 3 წუთში რობერტ ტეილორის ავტოგოლი ვიხილეთ და მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, მესის გუნდი 2:4-ს აგებდა. მე-80 წუთზე, ლეოს ჩაწოდებულ ჯარიმას ფარფანის ავტოგოლი მოჰყვა, 5 წუთში კი არგენტინელმა საოცარი ჯარიმა გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა - 4:4.

მესი თერთმეტმეტრიანების სერიაშიც უშეცდომო იყო და საკუთარი გუნდის პირველი პენალტი შეაგდო. საბოლოოდ, „ინტერ მაიამიმ“ პენალტების სერია 5:3 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე „შარლოტი“ ან „ჰიუსტონ დინამო“ იქნება.

საინტერესოა, რომ „ლა პულგას“ „ინტერ მაიამის“ მაისურით 4 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 7 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა. იგი კლუბის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეოთხე ადგილზე გადავიდა და ჟოზეფს, ლუის მორგანსა და პიზაროს გაუთანაბრდა. „ინტერ მაიამის“ მაისურით მასზე მეტი გოლი მხოლოდ რობერტ ტეილორს (8), ლეო კამპანას (16) და გონსალო იგუანის (29) აქვთ გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გამოდის, რომ ბაიერნშიც ასეთები არიან“ - სიმართლე სანესა და მანეს ამბავზე
„გამოდის, რომ ბაიერნშიც ასეთები არიან“ - სიმართლე სანესა და მანეს ამბავზე