ვიქტორ ოსიმენი, რუდი გარსია
Aa
Aa

რუდი გარსია: „ინტერესი საუდის არაბეთიდან? ოსიმენის მაგივრად ვერ ვისაუბრებ“

„ნაპოლიმ“ დღეს მორიგი ამხანაგური შეხვედრა „აუგსბურგთან“ გამართა და ამირ რაჰმანის გოლით, 1:0 დაამარცხა.

დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ გუნდის ლიდერებს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს, რომლებსაც რუდი გარსიამ დასვენების შესაძლებლობა მისცა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნეაპოლური გუნდის მთავარი მწვრთნელი SKY Sports-ს გუნდში არსებულ სიტუაციასა და საუდის არაბეთის გუნდების მხრიდან, ვიქტორ ოსიმენის მისამართით გამოთქმულ ინტერესზე ესაუბრა.

რა თქვა გარსიამ:

ეს ამხანაგური თამაშები გარკვეული ექსპერიმენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიზანი კი ისეთი გუნდის დაბრუნებაა, როგორიც შარშან იყო. გასულ წელს, გუნდმა პირველი სამი თვე მაღალ დონეზე ჩაატარა, შემდეგ იყო მსოფლიოს ჩემპიონატის შესვენება, რის გამოც ბევრმა ფეხბურთელმა დაისვენა და ეს გუნდზე კარგად აისახა. ახლა კი მთელი სეზონი უწყვეტად უნდა ვითამაშოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტი დატვირთვა იქნება და გაცილებით დიდი შრომა მოგვიწევს. ამის გამო, ნორმალურია, რომ რამდენიმე მოთამაშე დღეს არ იყო. ორი ტრავმირებული გვყავს - მარიო რუი და ზამბო-ანგისა. მარიო შესაძლოა სამშაბათს დაბრუნდეს, ზამბო კი სავარაუდოდ ჩემპიონატის სტარტზე ითამაშებს. მოსამზადებელი ეტაპით კმაყოფილი ვარ, თუმცა, როგორც მწვრთნელს, ბევრი სამუშაო მაქვს. ვფიქრობ, სეზონის სტარტზე ისეთ გუნდს ვიხილავთ, როგორიც შარშან, ჩემპიონატის დაწყებისას იყო.

ოსიმენი და საუდის არაბეთი? არსებობს ისეთი ფეხბურთელების კატეგორია, რომლებიც კარიერის ბოლოს ასეთ ჩემპიონატებში მიდიან. მსოფლიოში ნებისმიერ ადამიანს გაუჭირდება ასეთ გრანდიოზულ შეთავაზებაზე უარის თქმა, მაგრამ როდესაც სრულად მომწიფებული მოთამაშე ხარ და შენი საუკეთესო სეზონები მოდის, ამ შეთავაზებებს არც კი უნდა განიხილო. მე არ ვარ ვიქტორი და მის მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, ამიტომ ამის შესახებ მას უნდა ჰკითხოთ.

რაც შეეხება გუნდის ახალწვეულ ნათანს, ის ახალგაზრდა ბრაზილიელი მცველია, რომელიც „ფლამენგოში“ გაიზარდა და შემდეგ „ბრაგანიტოში“ გადავიდა. „რედბულის“ გუნდებს კარგად ვიცნობ და ვიცი, როგორებიც არიან. მაგალითად, „ლაიპციგი“ და „ზალცბურგი“. ეს გუნდები ახალგაზრდა ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც ბევრს დარბიან და ინტენსიურ პრესინგს თამაშობენ. ნათანი სწორედ იმ ფეხბურთელთა კატეგორიაშია, რომელსაც ვეძებდით და გვჭირდება. ამ ფეხბურთელს არ ეშინია უმაღლეს დონეზე თამაშის. ძლიერი ფეხბურთელია, თუმცა, ცოტა დრო უნდა მივცეთ, რათა იტალიური ისწავლოს და ახალ თანაგუნდელებს შეეწყოს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს ახალ სეზონს 19 აგვისტოს, სტუმრად „ფროზინონესთან“ მატჩით გახსნის, მანამდე კი რუდი გარსიას გუნდი ბოლო ამხანაგურ შეხვედრას 11 აგვისტოს, „აპოლონის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი ბოლო წუთზე - ზივზივაძემ კარლსრუე წაგებისგან იხსნა
გოლი ბოლო წუთზე - ზივზივაძემ კარლსრუე წაგებისგან იხსნა