ილიას ზუროსი
Aa
Aa

„მოთამაშეებით კმაყოფილი ვარ“ - ზუროსმა ტრევიზოს კემპი შეაფასა

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე იმყოფება. ილიას ზუროსის გუნდმა ეგვიპტესთან დახურული მატჩი გამართა და 76:81 დამარცხდა.

მწვრთნელმა ძირითადად შანსი ახალგაზრდა მოთამაშეებს მისცა და ახსნა, თუ რატომ მოიქცა ასე:

„სად, რომელ მატჩში უნდა ვათამაშოთ ახალგაზრდები, თუ არა პირველ მოსამზადებელ შეხვედრაში, რომელიც ეგვიპტესთან ჩავატარეთ?! მერე და მერე უფრო რთული იქნება მათთვის ასპარეზის დათმობა, თუკი აქედანვე არ მიიღეს გამოცდილება და არ შეეჩვივნენ მოედანზე, რეალურ ბრძოლაში თავის გატანას“.

ზუროსმა მეტწილად ეს ხუთეული გამოიყენა: ლუკა ლიკლიკაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, დუდა სანაძე, ბექა ბექაური და გიორგი ტურძილაძე. მანამდე კი რამდენიმე წუთი ამ ხუთეულიდან ერთადერთ სასტარტოს, დუდა სანაძის ნაცვლად მოედანზე კახა ჯინჭარაძე იმყოფებოდა. მწვრთნელმა არ შეცვალა არც ახალბედები და არც სათადარიგოები, ისინი ბოლომდე, ბრძოლაში დატოვა მოედანზე, რითაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ამ მატჩში შედეგზე მნიშვნელოვანი მოთამაშეთა შესაძლებლობების განსაზღვრა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების დამუშავება იყო.

საქართველოს ნაკრებმა 14 კალათბურთელით ითამაშა. მწვრთნელებისა და ექიმების გადაწყვეტილებით, ეგვიპტესთან თორნიკე შენგელიამ დაისვენა, რომელიც მომქანცველი სეზონისა და დასვენების შემდეგ სასურველ კონდიციაში ჯერ არაა. მწვრთნელთა შტაბის გადაწყვეტილებით არ უთამაშიათ გიორგი კორსანტიას, მერაბ ბოქოლიშვილსა და ალექსანდრე გაფრინდაშვილს.

„პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მოთამაშეებით კმაყოფილი ვარ. შეკრების დროს ბოლომდე დაიხარჯნენ, რომელიც ჩვენი მოსამზადებელი პროცესის პირველი ეტაპია. ძალიან ბედნიერი ვარ ახალგაზრდა მოთამაშეების გამო, ისინი თავს არ ზოგავენ, დაიწყეს სისტემის უკეთ აღქმა, შესაბამისად, მგონია, რომ ძალიან მალე შესაძლებლობა გვექნება ნაკრებში ახალი სისხლი ვიხილოთ.

მეორე მხრივ, რამდენიმე მოთამაშე გვაკლდა ამ შეხვედრა, გოგას მცირე პრობლემები შეექმნა მატჩის მიმდინარეობისას და მეორე ნახევარში აღარ უთამაშია. შენგელია განაცხადში არ იყო, სანდრო მამუკელაშვილმა მხოლოდ ერთხელ ივარჯიშა სრული დატვირთვით, შესაბამისად გუნდის შეფასება ძალიან რთულია. თუმცა ამის მიუხედავად მივიჩნევ, რომ ამ ეტაპზე კარგ კონდიციაში ვართ.

საჭიროა მეტი ვიმუშაოთ, ვითამაშოთ უკეთესი დაცვა, ვიყოთ უფრო აგრესიულები. ეგვიპტის წინააღმდეგ სკაუტინგი არ გავაკეთეთ, შესაბამისად, ნაბიჯ-ნაბიჯ დაცვაში თამაშს ტაქტიკის მიხედვითაც ვისწავლით. რაც შეეხება შეტევა, აუცილებლად ვიპოვით საჭირო რიტმს. სამწუხაროდ და ამავდროულად საბედნიეროდ, უახლოეს მომავალში ორი ურთულესი თამაში გველის, ერთი ლიეტუვის ნაკრებთან, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ევროპაში და ლატვიასთან, რომელიც ასევე ძლიერი გუნდია. ვეცდებით ვისწავლოთ ძალიან ძლიერ მეტოქეებთან თამაშით, მიუხედავად იმისა, რომ ერთად საკმარისად არ გვივარჯიშია".

განაცხადა ზუროსმა.

საქართველოს ნაკრები 30 ივლისს ლიეტუვაში გაემგზავრება, სადაც 1 აგვისტოს ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს კაუნასში დაუპირისპირდება. 5 აგვისტოს კი რიგაში ლატვიასთან მატჩი გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილმა ცნობილ იუთუბერს ჯეირანში მოუგო და აზიდვები შეასრულებინა
მამუკელაშვილმა ცნობილ იუთუბერს ჯეირანში მოუგო და აზიდვები შეასრულებინა