გიორგი წიტაიშვილი, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, გიორგი გულიაშვილი, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი
Aa
Aa

რეკორდი და ცვლილებებით შემოტრიალებული მატჩი - UEFA-ს გამოხმაურება

UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი საქართველო-ბელგიის შეხვედრას გამოეხმაურა. ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველო 0:2 აგებდა, შესვენების შემდეგ გიორგი წიტაიშვილმა ანგარიში შეამცირა, 87-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა რამაზ სვანაძის გუნდი მარცხისგან იხსნა.

Sofascore-მა საქართველოს ნაკრების მხრიდან ყველაზე მაღალი შეფასება გიორგი წიტაიშვილს დაუწერა - 7,6. ის შესვენების შემდეგ ჩაერთო თამაშში და ანგარიში მალევე შეამცირა. აღსანიშნავია, რომ საწყის ორ ტურში მის ანგარიშზე გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი საქართველო-ბელგიის მატჩზე: „უდიდესი რაოდენობის ქომაგმა ნახა, საქართველომ როგორი წინააღმდეგობა გაუწია ბელგიას. თბილისში გამართულ შეხვედრა ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო: 41, 887.

საქართველოს ნაკრებმა ბელგიას წინააღმდეგობა ბოლომდე გაუწია და ბრწყინვალე შეხვედრაში ქულა მოიპოვა. გიორგი წიტაიშვილი და გიორგი გულიაშვილი სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ, ცვლილებაზე გამოვიდნენ, მათი გოლებით საქართველომ თამაში შემოატრიალა იმ მატჩში, რომელსაც სარეკორდო რაოდენობის გულშემატკივრები ესწრებოდნენ. საქართველო პირველ ადგილზეა და კონკურენტებს 2 ქულით უსწრებს.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მაქსიმ დე კუიპერი დასახელდა, რომელმაც შეხვედრაში ანგარიში გახსნა“.

შეგახსენებთ, ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში პორტუგალია-ნიდერლანდების შეხვედრა 1:1 დასრულდა. საწყისი ორი ტურის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი 4 ქულით ჯგუფის ლიდერია, ბელგიისა და ნიდერლანდების ანგარიშზე 2-2 ქულაა, პორტუგალია 1 ქულით აუტსაიდერია. დასკვნით ტურში ქართველი ფეხბურთელები „დინამო არენაზე“ ნიდერლანდებს შეხვდებიან, პორტუგალია ბელგიას დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრები 27 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები