კახა კალაძე, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი
Aa
Aa

კალაძე: „მსოფლიოს ვანახოთ, როგორი მაგარი ქვეყანა გვაქვს“

თბილისში, დედა ენის ბაღში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საზეიმო ცერემონია მიმდინარეობს. ღონისძიებაზე სიტყვით ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი და ამჟამად თბილისის მერი კახა კალაძე გამოვიდა. „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ხაზი ტურნირის მნიშვნელობას გაუსვა.

კახა კალაძე: „ხვალიდან მნიშვნელოვანი სპორტული დღეები იწყება. საქართველო და რუმინეთი ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატს მასპინძლობენ. მსოფლიოს საფეხბურთო ყურადღება საქართველოს მიმართ იქნება მოპყრობილი. საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანა ინფრასტრუქტურულად მზად იყოს.

ასევე, დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები შოტლანდიაში მნიშვნელოვან შეხვედრას ჩაატარებს. დედა ენის ბაღში ჩვენი ბიჭების ქომაგობის შესაძლებლობა გვექნება. მათ წარმატებებს ვუსურვებ.

ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოს უამრავი ადამიანი ეწვევა. ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ მთელს ევროპასა და მსოფლიოს ვანახოთ, როგორი მაგარი ქვეყანა გვაქვს, როგორი მაგარი სტუმართმოყვარეობა ვიცით“.

შეგახსენებთ, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრები პირველ მატჩს საქართველოსთან ჩაატარებს. შეხვედრა „დინამო არენაზე“ 21 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე:

საქართველო - პორტუგალია (21 ივნისი, დინამო არენა, 20:00)

საქართველო - ბელგია (24 ივნისი, დინამო არენა, 20:00)

ნიდერლანდები - საქართველო (27 ივნისი, დინამო არენა, 20:0)

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები